Skip to content

16

მეგობრებო, სამწუხაროდ ძირითად სამსახურში ბევრი საქმის გამო (მოდი ნუ გამოვიყენებთ ექსპრესიულ „კატასტროფულად“), ბლოგზე იშვიათად მიწევს წერა. პიონერულ ფიცს ვერ დავდებ, მაგრამ ვეცდები, რომ სტატიებს შორის წყვეტა რაც შეიძლება მცირე გავხადო.

დღეს ერთი საინტერესო ამბავი მინდა მოგიყვეთ, რაც ათიოდე დღის წინ მოხდა (27 ნოემბერს) და რაც ჩემი ბლოგის თემატიკასთან ძალიან ახლოა. საქმე ეხება საქართველოში პირველად WordPress Meetup-ის ჩატარებას.

მოდი, ორიოდე სიტყვით შევეხოთ, თუ რაზეა საერთოდ საუბარი. როგორც ჩემი ბლოგის მკითხველი ხვდება, ეს ბლოგი მუშაობს WordPress-ის ძრავზე. სისტემაზე, რომელიც დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ბლოგინგისათვის. მეტსაც გეტყვით, არა მარტო ბლოგინგისათვის, არამედ პრაქტიკულად ნებისმიერი საიტისათვისაც. მაგრამ ამაზე მოდი სხვა სტატიებში ვისაუბროთ.

ახლა რაც შეეხება თვითონ იმ ორგანიზაციას, რომელიც ქმნის ამ ძრავს. WordPress-მა 2012 წელი გამოაცხადა ე.წ. Meetup-ების წლად. ანუ შემოგვთავაზა ნებისმიერ მსურველს, რომ შევკრებილიყავით ჩვენ ჩვენს ქვეყნებში, ქალაქებში და გაგვეზიარებინა ერთმანეთისათვის გამოცდილება ამ ძრავის ცოდნის საკითხში. დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ: WordPress Meetup ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაგარი ვარ WordPress-ის დეველოპინგის საკითხებში, ჩემი ძირითადი სპეციალობა მაინც გაქართულებაა, მაგრამ საინიციატივო ჯგუფში შეიკრიბა ისეთი ხალხი, ვინც ამ საკითხში მართლა ძალიან მაგრები არიან.

  • გიორგი მამადაშვილი — WordPress-ის ბირთვის ოფიციალური მხარდამჭერი, თემების დეველოპერი.
  • ლაშა სიმონიშვილი — არტ-დირექტორი Leavingstone-ში, WEB/UI დიზაინერი. ერთ-ერთი ის იშვიათი ადამიანი საქართველოში, ვისი შემქნილი დიზაინიც ძალიან მომწონს.

ამ საკითხის დამუშავება სადღაც გაზაფხულიდან დავიწყეთ. მაგრამ ხან რამ შეგვიშალა ხელი და ხან — რამ. მერე მოვიდა ზაფხული, შვებულებების დრო და გადავწყვიტეთ, რომ შესაძლო დამსწრეთა დიდი ნაწილი დასასვენებლად იქნებოდა წასული. მერე მოვიდა შემოდგომა და არჩევნები. კვლავ გადავწყვიტეთ, რომ არ იყო იდეალური დრო რაიმე ღონისძიების ჩასატარებლად. როგორც იქნა არჩევნები გადავაგორეთ და გადავწყვიტეთ ეს საკითხიც დაგვეძრა.

ღონისძიების ჩატარების ადგილი უნდა მოგვეძებნა. ამ საკითხით მივმართეთ
განათლების მულტიმედია ცენტრს, რომლის ხელმძღვანელმა, თამარ კაკულიამ უდიდესი დახმარება გვავიწია ამ საკითხში. დაგვითმო მულტიმედია ცენტრის ტერიტორია, დაგვეხმარა აპარატურით, მოკლედ, მის გარეშე ეს პირველი შევხედრა ვერაფერით ვერ მოხდებოდა. ჩემდა სამარცხვინოდ, დაგვიანებით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თამუნას დახმარებისათვის. მაგრამ საერთოდ ვერაფერი გამოვიდოდა, რომ არა ორი ადამიანის, გიგა პაიჭაძის და
მირიან ჯუღელის ფასდაუდებელი დახმარება. სწორედ მათი მხრიდან წამოვიდა წინადადება, რომ პირველი და შესაძლოა მომდევნო ღონისძიებები მულტიმედია ცენტრში ჩატარებულიყო. მირიანის დამსახურებაა ღონისძიების დღეს ტექნიკურ ნაწილზე ზრუნვა და ყველაფრის გამართვა. დიდი მადლობა მეგობრებო!

მოკლედ, დიდი ჯახირისა და მომზადების შემდეგ, 27 ნოემბერს შევიკრიბეთ მულტიმედია ცენტრში, მანამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ფეისბუკზე გავაკეთეთ ე.წ. ივენთი. არ ველოდი, რომ ბევრი გამოხმაურება იქნებოდა, მაგრამ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პირველი ღონისძიების კვალობაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა, ბევრმა ვერც მოასწრო, ვინაიდან არ იცოდა, ან გვიან გაიგო. ეს ჩვენი ბრალია და შემდეგი ღონისძიებისათვის გამოვასწორებთ. პირველ შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  • რა არის WordPress - გიორგი მამადაშვილი;
  • რა სიახლეებია WordPress-ის ბოლო, 3.5 Beta 1-ში;
  • როგორ გავაქართულოთ WordPress;
  • ჩანართები (რა არის ჩანართი, როგორ დავაყენოთ და ა.შ);
  • რა არის თემა, როგორ მოვიძიოთ ხარისხიანი თემები, Child Themes.

დაინტერესება დიდი იყო თითქმის ყველა თემის მიმართ. მაგრამ ზოგადად ამ ღონისძიებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია დამსწრეებში. გვთხოვეს, რომ არ შეგვეწყვიტა შეხვედრების ციკლი, რასაც რათქმაუნდა არ ვიზამთ და ნოემბრის ბოლოსკენ (ზუსტი თარიღი ოდნავ მოგვაიანებით იქნება ცნობილი) მეორე შეხვედრაც ჩატარდება! ძვირფასო მეგობრებო, თუ დაინტერესდით ამ ღონისძიებით, თუ სურვილი გაქვთ დაესწროთ, მაშინ გთხოვთ მოგვწეროთ, თუ რა თემები იქნება თქვენთვის საინტერესო, ჩვენ შევეცდებით არცერთი თემა არ დავტოვოთ უყურადღებოდ! და ბოლოს, გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს ღონისძიებიდან: