Skip to content

2

მეგობრებო,

გუშინ საღამოს ერთ სამწუხარო დასკვნამდე მივედი, რომელსაც ახლა გეტყვით.

ოთხი წელია არსებობს გემუგი, საქართველოში მაკის მომხმარებელთა ჯგუფი. ამ ხნის განმავლობაში უკვე იყო იმის მცდელობა, რომ ამ ორგანიზაციის საიტი გამემართა და შემექმნა ერთიანი სივრცე მაკის ყველა მოყვარულისათვის, როგორც ინფორმაციის მიღების წყარო (ახალი ამბები, გაკვეთილები, ე.წ. How-To და ა.შ.), ასევე ურთიერთობისათვის, ფორუმის სახით.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, პირწიგნაკმა ფორუმის ნაწილი სრულიად თავისკენ გადაქაჩა. დღეისათვის ჩვენს ჯგუფში 585 წევრია. არანაირი პირი არ უჩანს იმას, რომ ხალხმა მიატოვოს ერთხელ მიჩვეული ადგილი და სხვაგან გადასახლდეს. ასე რომ შეგვიძლია ფაქტად ვაღიაროთ: პირწიგნაკის ჯგუფი არის ფორუმი! და თუ თქვენ დაინტერესებული ხართ მაკისტების ჯგუფში გაწევრიანებით, მოგვიკაკუნეთ ამ მისამართზე GeMUG — ჩვენი ჯგუფის კარი ყოველთვის ღიაა.

რაც შეეხება შიგთავსს, რომელიც უნდა დაეხმაროს ახალბედას მაკის სამყაროში. გემუგის საიტზე, პირველ საიტზე ერთი პერიოდი ვაქვეყნებდი ინფორმაციას. ორიოდე ადამიანმა მხარი ამიბა, თუმცა პირადი საქმეების სიდიდის გამო, იძულებულნი გახდენენ თავი დაენებებინათ. მე ერთი პერიოდი ინერციით განვაგრძობდი. თუმცა შემდგომში ოჯახური არეულობის გამო მეც შევეშვი. პარარელურად ასევე გემუგელმა ირაკლი ჩიტიშვილმა შექმნა საკუთარი საიტი, macdaily.ge. ირაკლი ხშირად არა, მაგრამ სტაბილურად აქვეყნებს სტატიებს თავის ბლოგში, რაც ფრიად კარგია. ერთი პერიოდი გემუგის საიტზე მისი ნებართვით გადმომქონდა კიდევაც სტატიები. მოკლედ, შიგთავსის შექმნის საკითხში დიდი ჩავარდნა გვაქვს.

შემდეგ ავდექი და წავშალე საიტი. სულ. და დიდი ხნის განმავლობაში გემუგის საიტზე ობლად იყო წარწერა, რომ აი აქ, სულ მალე კვლავ გაიხსნება გრანდიოზული რამ!

მაგრამ! მაგრამ, რა აზრი აქვს ახალი საიტის დიზაინზე მუშაობას, წვალებას, დროის ხარჯვას, თუ იქაც უსახელო უფლისციხელივით ვიქნები მარტო და მხარში არავინ ამომიდგება? ალბათ არა აქვს აზრი.

ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომელმაც რეალურად შვება მომგვარა. მე აღარ გავაკეთებ ამ საიტს. gemug.ge-ზე სტატიკურად განავთავსებ ინფორმაციას ამ ორგანიზაციის შესახებ, რომლის ბედი გარკვეული მომენტების გამო ამ ეტაპზე ბუნდოვანია. თუ რა ხდება, ამაზე სხვა სტატიაში მოგახსენებთ, როგორც კი ცოტა უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებ. სულ ეს იქნება მაგ საიტის დანიშულება.

სამაგიეროდ, ჩემს ბლოგზე კვლავ განვაახლებ ინფორმაციის დადებას ეფლის სამყაროდან. ვერ გეტყვით, რომ ძალიან ხშირად, მაგრამ შევეცდები ყველაზე საჭირბოროტო საკითხებს პასუხი გავცე.

...

P.S. ჰო, დავიღალე, ძალიან დავიღალე ყველაფრისაგან. ეს სტატიაც ალბათ ერთგვარი გამოძახილია იმ დაღლილობისა, რომელიც ჩემში ბოლო ათი წელია დაბუდებულა და გამოსვლას არ აპირებს...