Skip to content

5

ჰო, 4 წელი გავიდა. 1461 დღე და კიდევ რამდნიმე საათი, მაგრამ ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. 1540 ჩანაწერი, ანუ პრაქტიკულად დღეში ერთი სტატია მაინც. იყო ამ წლების განმავლობაში ბევრი ფიქრი, ჭოჭმანი — საჭიროა, თუ არა ამ ბლოგის არსებობა. სჭირდება თუ არა ვინმეს ის. თურმე საჭირო ყოფილა, თურმე ხალხი კითხულობს, ბევრი არა, მაგრამ კითხულობს. და მათგან წამოსული ენერგეტიკა მაძლევდა ძალას მეწერა, მეთარგმნა, მეფიქრა...

და აი, 4 წლის თავზე მე ისევ ამ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს: საჭიროა კი ეს ბლოგი?

დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ბლოგო...

შენი დოქტორი დელფიუსი.

4th Anniversary
4th Anniversary

 

3

მეგობრებო, თუ კიდევ შემორჩა ამ ბლოგს მკითხველი, უთუოდ შეამჩნევდა, რომ ბლოგზე იანვრის შემდეგ არ ყოფილა არცერთი ჩანაწერი. ამის ბევრი მიზეზი არსებობდა, პირველ რიგში დედაჩემის მძიმე ავადმყოფობა. მაგრამ დღეისათვის მძიმე სენი დაძლეულია, ყველაზე რთული უკან ჩამოვიტოვეთ და მომავალს დიდი იმედით ვუყურებთ.

არ შემიძლია არ დავწერო იმის შესახებ, თუ რა მოხდა ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. პირველ რიგში ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად როგორც იქნა გაეშვა საქართველოში მაკის მომხმარებელთა ჯგუფის პორტალი www.gemug.ge, რაც მე ძალიან მახარებს. მართალია, ოჯახური პრობლემების გამო მისი ასე ვთქვათ „რასკრუტკა“ ასევე ნელი ტემპით წარიმართა, მაგრამ დღეიდან მას დიდ დროს დავუთმობ და იმედია ის გახდება ერთ-ერთი წამყვანი რესრუსი ქართულ ინტერნეტში მაკის თემატიკასთან დაკავშირებით.

მეორე ის, რომ ჩემს Macbook Pro (Early 2008)-ს დაუზიანდა გრაფიკული პროცესორი. ვინც გარკვეული ხართ საკითხში, იცით რომ 2008 წლის გაზაფხულზე გამოშვებულ ნოუთბუკებში nVidia-ს გამოისობით მოხდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა, რის გამოც ნოუთბუკის ჩემნაირ მოდელებში ხდება ეს სავალალო დაზიანება. მაგრამ ეფლმა გამოაცხადა 4 წლიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს დედადაფის უფასოდ გამოცვლას მსოფლიოს მაშტაბით. ჰოდა სწორედ ამ პროგრამით უკვე შევუკვეთეთ ახალი დედადაფა და დაახლოებით ამ თვის ბოლოსათვის მივიღებ ჩემს გაცოცხლებულ ნოუთბუკს ;)

კი მაგრამ, იკითხავს გაოცებული მკითხველი, თუ მაკის შესახებ ინფორმაცია გინდა რომ მოგროვდეს ახალ პორტალზე www.gemug.ge, აქ რაღა უნდა წერო?

გეტყვით, ყველაფერს გეტყვით. ვინც ახლოს მიცნობს, იცის, რომ ეფლის კომპიუტერებით გატაცება ჩემი ერთ-ერთი და არა ერთადერთი ჰობია. კიდევ მე მაინტერესებს ლოკალიზაცია, ვორდპრესი, დრუპალი და ზოგადად ყველაფერი, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებს ეხება. ჰოდა ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ არის ზღვა! შევეცდები არ მოგაკლოთ როგორც სიახლეები, ასევე სტატიები ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგების შესახებ.

მოკლედ, ბლოგი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ ფორმას. გთხოვთ არ დაიზაროთ და კომენტარის სახით დაწეროთ, თუ რა საკითხები იქნება თქვენთვის საინტერესო. დიდი მადლობა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ჩემს გვერდით დარჩით!

4

სალამი მეგობრებო. როგორც ხედავთ ეს ბოლო ხანებია სულ უფრო ნაკლებად ვიცლი ბლოგისათვის. თანაც ერთი კვირაა სახლში მიდევს Magic Trackpad, რომლის მიმოხილვის დაწერას საშველი ვერ დავაყენე :)

მიზეზი გახლავთ იმაში, რომ ჩემი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე (პროგრამული უზრუნველყოფის ლოკალიზაცია), ვამზადებ ორ პროდუქტს და ვაპირებ ორშაბათიდან შემოგთავაზოთ ისინი.

თუ რა პროდუქტებია, ამას ორშაბათს გაიგებთ ;)

დიახ, აღსრულდა ნანატრი ოცნება დასვენებაზე. მივდივარ! ზღვაზე! 5 დღით (ვიცი ცოტაა, მაგრამ სხვა გზა არ არის). ასე რომ 16 აგვისტომდე არ ვიქნები აქ. მერე განვაგრძოთ! ;)

3

რამოდენიმე დღეა გაურკვეველი მიზეზი გამო (ანდა უბრალოდ მე არ მეცალა და ვერ ჩავუღრმავდი), გაითიშა RSS-არხებით სიახლეების განახლება.

რა არ ვეცადე, რა არ ვქენი, მაგრამ უშედეგოდ. ამ საღამოს ხელახლა ვცადე გასწორება და ჰოი საოცრებავ, ამუშავდა! ოღონდ FeedBurner-მა რატომღაც ახალი მისამართი მომანიჭა: http://feeds.feedburner.com/delphiknight

ბოდიშს გიხდით ამ გაუგებრობისათვის და თუ კვლავ გაინტერესებთ ჩემი ბლოგის კითხვა, გთხოვთ ჩაინიშნოთ ახალი მისამართი. დიდი მადლობა!

3

მოკლედ, ე.წ. შვებულება ცოტათი გამიგრძელდა :)

ვალაგებდი აზრებსაც და ბლოგსაც. და აი რატომ. სანამ მთელი ამ გაზაფხულის განმავლობაში გართული ვიყავი 1500 პოსტის მოგროვებით 3 წლის იუბილესათვის, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი ანალიტიკურ სტატიებს — ძირითადი ყურადღება გადატანილი მქონდა მცირე ზომის ახალი ამბების შემცველ სტატიებზე.

მაგრამ მარათონი დასრულდა და დროა ბლოგი ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული თემატიკის გარშემო. რაღათქმაუნდა Apple-ის თემა არსად გაქრება. ეს ერთ-ერთი ძიირთადი თემაა ჩემს ბლოგში. უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ iPhone 4-ის მიმოხილვას უცხოურ მასალებზე დაყრდნობით. ხოლო ამ თვის ბოლოს, როდესაც ჩემი აიფონი ჩამოაღწევს თბილიში, უფრო გაფართოებულად ვისაუბრებთ მასზე. პლუს ამისა, აიფონის თემიდან უახლოეს ხანში ასევე შემოგთავაზებთ მსოფლიოში ატეხილი ისტერიის ანალიზს. მართლა "გაბანძდა" თუ არა ეფლი ტელეფონის ახალი მოდელით? ამასაც გავარჩევთ აუცილებლად.

ვაშლების თემაში გვექნება კიდევ შემდეგი კატეგორიები:

  • პროგრამული უზრუნველყოფის მიმოხილვა;
  • პროგრამული უზურნველყოფის კატალოგი;
  • სხვადსხვა ხრიკების მიმოხილვა;
  • Apple-ის ისტორია: ჩამოყალიბება და განვითარება.

ახლა გადავიდეთ არავაშლურ თემებზე:

  • WordPress-ის შესსახებ სტატიები;
  • Drupal-ის შესახებ სტატიები;
  • Delphi-ს პროგრამირების გარსზე სტატიები;
  • Google: სერვისების მიმოხილვა და აგრეთვე საუბრები კომპანიის შესახებ;
  • Microsoft-ის შესახებ გვექნება რამოდენიმე სტატია;
  • და სხვა :)

მოკლედ, როგორც ხედავთ თემატიკა ფართოვდება, იმედია კმაყოფილი დარჩებით. :) გთხოვთ, თუ რაიმე სხვა საკითხი გაინტერესებთ, რაც არ არის მოყვანილი სიაში, მაცნობოთ ამის შესახებ კომენტარების საშუალებით. დღეისათვის სულ ესაა. ხვალიდან ვიწყებთ!

6

მოგესალმებით მეგობრებო!

დღეს ბლოგზე ბევრი სიახლე გვაქვს.

პირველ რიგში გამოვიცვალე ჰოსტინგ-კომპანია: ახლა ჩემი ბლოგის ძრავი serv.ge-ზეა განთავსებული. ჩემი სხვა პროექტისც მანდ გადავიტანე და თქვენც გირჩევთ, ნამდვილად კარგი კომპანიაა (არა, რეკლამაში ფული არ ამიღია, მართლა კარგი ფირმაა!).

მეორე, განვაახლე ჩადგმების (პლაგინების) ნაკრები, რაზეც დეტალურად ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ.

მესამე, განვაახლე ძრავის ვერსია, ახლა ჩვენი ბლოგი WordPress-ის მესამე ძრავაზე მუშაობს.

თემა: საწყის ეტაპზე გადავწყვიტე გამოვიყენო WordPress-ის ახალი ნაგულისხმევი თემა 2010, რომელიც საკმაოდ სიმპათიურია თავისთავად, მაგრამ მაინც ოდნავ შევავლე ხელი და ჩემთვის სასურველი იერსახე მივეცი. ეს ჯერ მცირედი მცდელობაა. სავარაუდოდ საბოლოოდ მთლიანად ნულიდან დავწერ ჩემი ბლოგისათვის თემას.

ჯერ-ჯერობით სულ ესაა. ბლოგი არ შეიცვლის თემატიკას, ჩვენ ისევ ვაშლებზე ვისაუბრებთ, მხოლოდ გავაფართოვებთ სასაუბრო თემებს.

მოკლედ, განახლებული ძრავით და ენერგიით ჩვენი ბლოგი აგრძელებს მუშაობას!

დარჩით ჩვენთან!

12

გამარჯობა მკითხველო.

დღეს თითქოს სასიამოვნო დღე უნდა ყოფილიყო ჩემთვის. ბლოგს იუბილე აქვს — 3 წლის გახდა და ეს უნდა ყოფილიყო პოსტი N 1500. მაგრამ...

მაგრამ ვერ ვარ მხიარულ ხასიათზე. მთელი რიგი პრობლემების გამო არათუ წინა სამი პოსტი ამასც რომ ვწერ, მიკვირს ძალიან. ახლა ვერ დავწერ, შესაძლოა მოგვიანებით, როდესაც რაღაც-რაღაცეები გაირკვევა. მანამდე...

მანამდე, მადლობას მოგახსენებთ ყველას, ვინც ამ სამი წლის განმავლობაში ყოველდღიურად კითხულობდით ჩემს ბლოგს, აქვეყნებდით კომენტარებს, მაძლევდით ძალას მეწერა ყოველდღე აქ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია ეფლის სამყაროდან. მადლობა მინდა გითხრათ ყველას ყველაფრისათვის!

Blog 3rd Annual
Blog 3rd Annual