Skip to content

შესანიშნავი შვიდეული, ანუ ჩემი სევდიანი ბლოგის შესახებ

timthumb

გამარჯობა მკითხველო,

აი ასე, ნელ-ნელა, ტაატ-ტაათითა და ჩოჩიალით მოვაღწიეთ ამ ბლოგის მეშვიდე დაბადების დღემდე. თუმცა, ეს თარიღი არა დღეს, არამედ 27 ივნისს იყო, ანუ სამი დღის წინ. შესაძლოა, ესეც იმის მაჩვენებელია, რომ ამ ბლოგის აქტუალობა სულ უფრო კლებულობს, ჩემს თვალშიც კი. რა გასაკვირია, რომ მკითხველიც ათაში ერთხელ თუ შემოივლის აქ, ისიც შემთხვევით, გზააბნეული.

არადა იყო დრო, როდესაც აქ სიცოცხელ დუღდა! ნუ როგორ დუღდა, ყოველდღიურად ათასობით ვიზიტორი არ ყოფილა, თუმცა თავისი მუდმივი და ერთგული მკითხველი ყოველთვის ჰყავდა ამ ბლოგს. როდესაც მე შორეულ 2007 წელს მისი შექმნა გადავწყვიტე, თემატიკის ძებნა დიდხანს არ დამჭირვებია — Apple იყო ჩემი ალფაც და ომეგაც! თანაც იმ პერიოდში ტექნოლოგიების თემაზე მომუშავე ბლოგიები ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი თუ იყო.

მერე გადავედით თვისობრივად ახალ საფეხურზე. მე ადრე დავწერე (ოღონდ სხვა ბლოგის About Me-ში), რომ ყველა ჩემი ჰობი დროთა განმავლობაში პროფესიად იქცა. ვიყავი მოხალისე ლოკალიზატორი და ანაზრაურებად პროფესიად ვაქციე, გავხდი ბლოგერი და ამ შემთხვევაშიც ესეც პროფესიად იქცა 1.5 წლის განმავლობაში GO!Blog-ზე. Apple-ის სიყვარულმა კი დაახლოებით ამავე დროით ამ კომპანიის პროდუქტების ბრენდ-მენეჯერად მაქცია.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ როგორც პრაქტიკამ მიჩვენა, ჰობის პროფესიად ქცევის შემდეგ მე ერთვარად მინელდება მისადმი ვნება. როდესაც საქმე, რომელიც შენ უბრალოდ სიამოვნებას განიჭებს, სავალდებულო საკეტებელი ხდება, პირადად ჩემთვის ნაკლებ საინტერესო ხდება.

ასე მოხდა ლოკლაიზაციაშიც, ბლოგინგშიც და მენეჯმენტშიც.

შესაძლოა მე მაქვს ტვინი ისე მოწყობილი. ყოველთვის ასე ვიყავი, როგორც კი დასახული მიზნის რთულ ეტაპს უკან მოვიტოვებდი, ჩემთვის ნაკლებ საინტერესო ხდებოდა მისი გაგრძელება.

ფაქტია, რომ დღეისათვის არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობობა ისე აღარ მიტაცებს, როგორც ეს ადრე იყო. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი ჩემი იმ სულიერი მდოგმარეობის ბრალია, რასაც განვიცდი ბოლო 12 თვის განმავლობაში, ოჯახის დაშლის შემდეგ...

შარშან გაზაფხულზე ახალი გატაცება გამოჩნდა, აუფიო-პოდკასტინგი. საკმაოდ ბევრი გადაცემაც ჩავწერე, ზოგი საინტერესო, ძირითადში — ნაკლებად. ჩემს ჭიას ვახარებდი, მოკლედ. მაგრამ ბოლო სამი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო (რაზეც ახლა არ ვისაუბრებ, იმედია ოდესმე), ამასაც შევეშვი.

მოკლედ ვართ მე, ლოკალიზაცია, ბლოგინგი და ეფლი ასე, ყურებჩამოყრილები და მოწყენილები. იმედს ვიტოვებ, რომ არა სამუდამოდ.

ამიტომ გეუბნებით არა მშვიდობით, არამედ ნახვამდის! მომავალ შეხვედრამდე!

:)