Tabula Rasa, ანუ ბლოგის ხელმეორე დაბადება

მკითხველო გამარჯობა, დიდი ხნის შემდეგ და დიდი მონატრებით ისევ გესალმები. თითქმის ექვსი თვეა,  ამ ბლოგზე არ გამოქვეყნებულა რაიმე ჩანაწერი. ბოლო რაც დავწერე, სტივ ჯობსის კომპანიის მართველობიდან საბოლოო წასვლა გახლდათ. მაგრამ მოდი მაინც თანმიმდევრობით მივყვეთ მოვლენებს.

ჩემს ცხოვრებაში პირველი, იგივე ერთადერთი ბლოგი 2007 წლის მაისში გავხსენი. აგერ წელს უკვე 5 წელი შესრულდება. მისამართი ასეთი არ ჰქონდა, არამედ: blog.gogelia.ge ამ ბმულზე შესვლის შემთხვევაში სხვა მისამართზე გადაგიყვანთ სერვერი: www.gogelia.ge/apple. აქ დაიდებს ბინას ის, ძველი ბლოგი თავისი 1500 მეტი ჩანაწერით. პირველი სამი წელი ბლოგი აქტიურად ვითარდებოდა, ძალიან ბევრი და ჩემი აზრით სასარგებლო ინფორმაცია დავდე იქ. ბოლოს, 2010 წელს ჩემი მეგობრისაგან, აკა ხუხაშვილისაგან მიღებული არაჩვეულებრივი შემოთავაზების წყალობით შესაძლებლობა მომეცა ერთ-ერთი პირველს გამესინჯა Apple-ის უახლესი გაჯეტები და თქვენთვის, მკითხველისათვის მიმეწოდებინა ინფორმაცია. დიდი მადლობა აკა!

მაგრამ აი 2011 წლიდან რაღაცა მოიშალა ჩემს ბლოგერულ საქმიანობაში. სულ უფრო და უფრო მცირედ მიჩნდებოდა სურვილი რაიმე დამეწერა. ბოლოს დღეში 3-5 ჩანაწერიდან კვირაში ერთ ჩანაწარემადე ჩამოვედი, მერე თვეში ერთხელ ვწერდი, სანამ აგვისტოში საბოლოოდ არ მივხვდი, რომ არსებულმა ბლოგმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა. რა მექნა? როგორ გამომესწორებინა სიტუაცია. არ ვიცოდი. ბლოგის წაშლაზე ხელი ამიკანკალდა. ბოლო-ბოლო ოთხი წელი თავდაუზოგავი შრომის ნაყოფი იყო. ძველი მისამართიც მთელი რიგი ტექნიკური და ფსიქოლოგიური მომენტების გამო არ მომწონდა. მოკლედ, ბლოგი კომაში ჩავარდა. ამ დროს (აგვისტოს მიწურულია უკვე), როდესაც ბლოგი ტექნიკური გაუმართაობის გამო ხან ჩართული იყო, ხანაც გამორთული, ერთ-ერთ ძველ სტატიაში გაჩნდა კომენტარი, რომელშიც მთხოვდნენ დაკავშირებას ბლოგინგის შემოთავაზებით. დამაინტერესა და დავუკავშირდი. დავუკავშირდი და აი უკვე მეექვსე თვეა რაც GO! Blog-ის მთავარი რედაქტორი ვარ, ვართ არაჩვეულებრივი გუნდი თანამოაზრეებისა, რომლებსაც მოგვწონს, გვურს და ვქმნით კიდევაც მაღალხარისხოვან შიგთავსს ტექნოლოგიების საკითხებზე ქართულ ბლოგო-სფეროში. ჰო, ცოტა ტრაბახი გამომივიდა, მაპატიეთ, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ჩემი ახლანდელი სამუშაო.

კი მაგრამ რა დაემართა პირად ბლოგს, იკითხავს მავანი ცნობისმოყვარე მკითხველი? პირადი ბლოგი ისევ კომაში განაგრძობდა მთელი ეს პერიოდი ყოფნას. ახალ ბლოგს ძალიან ბევრი დრო მიჰქონდა დასაწყისში, არც ახლა სჭირდება ცოტა დრო. მაგრამ მოხდა ფაქტი, ერთი შეხედვით კომიკური, რამაც საბოლოოდ მიმაღებინა გადაწყვეტილება ბლოგის აღდგენისა. Facebook-ზე გავწევრიანდი „მკვდარი ბლოგერების საზოგადოებაში“ — Dead Bloggers Society.

თავიდან ხუმრობანარევი ეს ჩემი ნაბიჯი საბოლოოდ დაფიქრების მიზეზი გახდა. გეცინება ალბათ, არა? ჰო, მეც მეცინება ცოტათი ამაზე, მაგრამ ფაქტია, რომ არ მესიამოვნა ის, რომ ბლოგინგისათვის (პირად ბლოგს ვგულისხმობ) მე მკვდარ ადამიანიად ვითვლები. როგორც ზემოთ მოგახსენე მკითხველო, ძველი მისამართი რიგი მიზეზების გამო აღარ მომწონს. ამიტომ გადავწყვიტე ასე: ბლოგი გადადის ძირითად დომენზე gogelia.ge, ძველი ბლოგის ჩანაწერები გადაინაცვლებს აქ www.gogelia.ge/apple (ვეცდები ამ საღამოს იმპორტით გადმოვიტანო ჩანაწერები, ხოლო ფოტოებს მოგვიანებით გავასწორებ).

კი მაგრამ, კვლავ ჩამეძიება კირკიტა მკითხველი, რა თემატიკაზე დაწერ ამ ახალ ბლოგში? 100% გარანტიით გეტყვით, რომ ახალ ბლოგში პრაქტიკულად არ გვექნება საუბარი Apple-ზე (ამ თემაზე მე ვწერ go.ge-ზე და სულ მალე ხელახლა ავამუშავებთ ნახევრად ჩამკვდარ gemug.ge-ს). სამაგიეროდ აქ ვისაუბრებთ შემდეგ საკითხებზე:

  • გაკვეთილები WordPress-ისა და Drupal-ის შესახებ. ჩემთვის ორივე ეს ვებ-ძრავი ძალიან საინტერესოა. პირველზე კერძო ბლოგი მუშაობს, ხოლო მეორეზე — ჩემთვის ფრიად მნიშვნელოვანი gemug.ge;
  • გაქართულება. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულად აღარ ვარ დაკავებული ლოკალიზაციებით (იგულისხმება Windows-ის გაქართულება), ეს თემა ჩემთვის ასევე ფრიად საინტერესოა. ორი პროდუქტის ლოკალიზაციის განახლებას ვაპირებ 2012 წელს: WordPress-ის და Drupal-ის;
  • Delphi. ამ RAD-ის ბოლო ვერსიამ მე პირადად დიდი სიხარული მომგვარა, ვინაიდან უკვე შესაძლებელია კროს-პლათფორმული აპლიკაციების წერა, როგორც Windows-ზე, ასევე Mac-ზე;
  • ელექტრონული წიგნები. თუ არაფერმა შემიშალა ხელი, კვირაში ერთ ქართულ ელექტრონულ წიგნს შემოგთავაზებთ ePUB-ფორმატში;
  • IT-სფეროს გამოჩენილი პირების ისტორია. საკმაოდ დამიგროვდა ამის შესახებ მასალები და ვფიქრობ, რომ შენთვისაც საინტერესო იქნება.
  • Star Trek-ის უკიდეგანო სამყარო. მე ამ სამყაროში ძალიან გვიან მოვხვდი. ვისაც გიყურებიათ თუნდაც ერთი სერიალისთვის მაინც, იცით რა დიდ სიამოვნებაზე ვსაუბრობ. ვინც არა — ვეცდები თქვენც გაგიზიაროთ, თუ რა მაგარი სამყაროა Star Trek.
  • და სხვა. ძალიან ბევრ საკითხს არ მინდა მოვედო, ამიტომ აქ შევჩერდები და თუ რამეს დავამატებ, აუცილებლად დავამატებ.

აი ასეა საქმე მეგობარო. ბლოგი კვლავ იწყებს მუშაობას. და დიდი იმედი მაქვს, რომ ის კვლავაც საინტერესო იქნება შენთვის. ყოველშემთხვევაში, მე ამისათვის ენერგიას არ დავიშურებ!


Comments

8 responses to “Tabula Rasa, ანუ ბლოგის ხელმეორე დაბადება”

  1. გილოცავ დაბრუნებას :)

    1. მადლობა ძვირფასო, შენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

  2. ვაა, გილოცავ, გილოცავ!
    და ძალიან კარგია, რომ გააქტიურდი კვლავ.
    ვორდპრესი და დრუპალი ნამდვილად საინტერესოა და სიამოვნებით ვადევნებ თვალყურს!

    1. მადლობა გიგა! გაიხარე!

  3. :) welcome back
    დიზაინს რას ერჩი?

    1. რომელ დიზაინს რუსუდან?

      1. ახლა არა უჭირს ;)))

        1. ჰო, საბოლოოდ უარი ვთქვი ფასიან თემაზე და გადავწყვიტე Twenty Ten ისე მოვირგო, როგორც მე მომეწონება. თან „ჩემი“ თემა გამოვა, თან — WordPress-ის გაკვეთილებისათვის შესანიშნავი მაგალითი იქნება! ;)