iPad-ის მიმოხილვა, ნაწილი 3

განვაგრძოთ iPad-ის შესწავლა. გთავაზობთ მიმოხილვის მესამე ნაწილს. დღეს მოდით ვისაუბროთ აპლიკაციებზე, რომლებთანაც ყველაზე მეტად გვექნება შეხება. როგორც ამასწინათ რომელიღაც უცხოურ ბლოგში წავიკითხე — აიპადი სუფთა დაფასავითაა, რომელიც აპლიკაციის გაშვებისას სულ სხვა რამედ იქცევა. და ყოველი პროგრამა აქცევს მას რაღაც ახლად.

აპლიკაციები პირობითად შეგვიძლია გავყოთ ორ ჯგუფად: სისტემური, რომლებიც აიპადს მოყვება და დამატებითი, რომელთა გადმოტვირთვაც და დაყენებაც შეგიძლიათ.

სისტემური აპლიკაციები

დასაწყისისათვის უნდა ავღნიშნო, რომ აიპადს იმაზე ნაკლები სისტემური აპლიკაცია მოყვება, ვიდრე ეს იყო აიფონის შემთხვევაში — პროდუქტის გამოშვების სიჩქარის გამო, თუ სხვა რამ მიზეზით ამ ეტაპზე სისტემაში არ მოხვდნენ შემდეგი აპლიკაციები:

  • ამინდი
  • აქციები
  • კალკულატორი
  • საათი.

საბედნიეროდ პირველი ორი პუნქტი ადვილად გადასაწყვეტია — App Store-ში მრავლადაა ამინდისა და აქციების საცქერი პროგრამები, ასე რომ პრობლემა მარტივად წყდება. კალკულატორებიც ბლომადაა, ესეც არაა პრობლემა.

საათს რაც შეეხება, მართალია აიპდს აქვს თავისი სისტემური საათი, რომელიც ზედა ზოლში ჩანს, მგარამ ცალკე პროგრამის სახით, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა ქალაქების დროის ნახვა, არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად არ გვაქვს მაღვიძარას ფუნქცია. პრობლემა სხვა რამეშია: სანამ აიპადს არ დაემატება მრავალამოცანიანი რეჟიმი, მაღვიძარაზე ფიქრიც არ ღირს. მაღვიძარა, რომელიც მარტო მაშინ მუშაობს, როცა ის გაშვებულია, მაღვიძარა არაა.

თავიდანვე არ მომეწონა ერთი რამ. აიპადის დოკზე მხოლოდ 4 ხატულაა განთავსებული, თუმცა კიდევ ორი ნებისმიერის ჩამატება არის შესაძლებელი. ამასთან სამუშაო დაფაზე ხატულები ერთმანეთისაგან საკამოდ შორიშორსაა განთავსებული. ეს მაფიქრებს იმას, რომ მიკროკოდის შემდეგ ვერსიაში შესაძლოა ეს სქემა შეიცვალოს. კარგი იქნებოდა, რომ ეფლმა შემოიღოს ე.წ. ვიჯეტების პრინციპი, საჭირო ინფორმაციასთან ადვილი წვდომისათვის. აგრეთვე ვფიქრობ, რომ ახალ მიკორკოდში რეალიზებული იქნება Folders-ების პრინციპი, როდესაც ერთგავროვანი აპლიკაციები ერთად იქნება თავმოყრისლი, რაც საშუალებას მოგვცემს 2160 აპლიკაცია ვიქონიოთ ერთ მოწყობილობაში (დედა, არ გინდა გაერკვე ამხელა ოდენობაში!?).

სხვა დანარჩენი სისტემური აპლიკაციები აიფონიდან გადმოვიდა აიპადში. მათი სრული ნუსხა და ეკრანის ანაბეჭდების ნახვა შეგიძლიათ
Apple-ის საიტზე. მოდით ცოტ-ცოტა თითოეულ მათგანზე ვისაუბროთ (უფრო ვრცლად არ გამოვა, ყოველ მათგანს მინიმუმ ერთი სტატია მაინც უნდა დაუთმო, რასაც მოგვინებით გავაკეთებ):

Maps — მიუხედავდ GPS-ის არარსებობისა, ძალიან კარგი გამოყენება აქვს. მართალია მე ვერ შევძელი Wi-Fi ქსელში ჩემი ადგილმდებარეობის მოძიება, მაგრამ სამაგიეროდ დიდ ეკრანზე ერთი სიამოვნებაა რუკის თვალიერება.

Video — ძალიან კარგად აჩვენებს ვიდეოს, არ უჭირს HD-ვიდეოს ჩვენება. თუმცა უნდა აუცილებლად გავითვალსიწინოთ, რომ Apple-ის პროდუქტები მუშაობენ მხოლოდ მშობლიორ ფორმატთან, ასე რომ Divx-ებით და მისთანებით დაკონვერტირებული ვიდეო უნდა გადააკონვერტიროთ, რომ შეძლოთ მისი გადატანა აიპადში.

Photos — ძალიან მომეწონა. ყველამ, ვისაც ვანახე აიპადი, დიდი ინტერესით „ითამაშა“ ფოტოებით.

Mail — აი რაც ყველაზე მეტად მომეწონა და აქტიურად ვიყენებდი, ეს პროგრამა იყო. როგორც კი მივიღე აიპადი, იმავწუთს დავამატე ჩემი MobileMe-ს და GMail-ის ანგარიშები. ასევე რათქმაუნდა ჩავრთე Notification-ები. წერილის მოსვლა არ გამოგრჩებათ რაღათქმაუნდა. თუმცა კვლავაც ქართული კლავიატურის არარსებობა მაფერხებდა. იძულებული ვხდებოდი გადავმჯარიყავი ჩემს Macbook Pro-სთან პასუხის ქართულად მისაწერად. მე უკვე დიდი ხანია აღარ ვიყენებ ლათუნურ შრიფტს ქართული ტექსტის ასაკრეფად, რასაც ვერ ვიტყვი ზოგიერთ ჩემს რესპოდენტზე. ჰო, ბარემ სიტყვამ მოიტანა და აქვე დავწერ, გთხოვთ არ მომწეროთ ლათუნურად ქართული ტექსტი, თუ რათქმაუნდა სხვა გზა არ გაქვთ, მასეთებს როგორც წესი არ ვკითხულობ ხოლმე. ჯობსმა ბოლო პრეზენტაციაზე ახალი მიკროკოდის ერთ-ერთ ფუქნციად გვაჩვენა ერთიანი Inbox-ი. აიპადის ახლანდელ მიკროკოდში ეს ჯერ არ არის, შემოდგომაზე იქნება. მე მიყვარს, როცა შემიძლია ყველა წერილი ერთ საქაღალდეში ვნახო, ასე რომ ჩემთვის ეს საჭირო ფუნქციაა.

Safari — ეს რაღაც არაჩვეულებრივია! ისევ სტივს დავესესხები ფრაზას, რომელიც მან წარმოთქვა აიპადის პრეზენტაციისას: „iPad-ს გააჩნია რევოლუციური შესაძლებლობები და მათ შორისაა ვებ-საიტების დათვალიერება!“. ამაზე ბევრმა ირონიული ხუმრობების მთელი წყება გამოუშვა: ვებიოს ნახვა ახლა ხომ ყველაფერზეა შესაძლებელი. მაგრამ შეგძნებები 100%-ით გეცვლება, როდესაც ინტერნეტს ათვალიერებ აიპადით და ხვდები თუ რამდენად მოსახერხებელია. ამას ალბათ ვერ გადმოქცემთ, ეს უნდა ნახოთ. ძალიან სწრაფი ბრაუზერი, რომელიც მყისიერად ტვირთავს გვერდებს, მყისიერად გადაადგილდება გვერდის ფარგლებში. აიპდის შემდეგ დიდ კომპიუტერზე საიტების ნახვის სურვილი გიქრება. და Flash-ი? მკითხავს ამ ტექნოლოგიების მოყვარული მკითხველი. ჩემო ძვირფასო მეგობარო, დაივიწყე, დაივიწყე როგორც კოშმარული სიზმარი ეს საძაგლობა! ფლეშის გარეშე ინტერნეტი გაცილებით უკეთესია! ;) აიპადის ორდღიანი სარგებლობის განმავლობაში არცერთხელ (ხაზს ვუსვამ ამას!) არ დამჭვირვებია ამ სისაძაგლის გამოყენება. არადა დამერწმუნეთ ძალიან ბევრ საიტზე მოვასწარი შესვლა (ჩემი სანშნეების სია 1028 ერთეულს ითვლის :D).

დამატებითი აპლიკაციები

აღსანიშანავია, რომ აიპადის გაყიდვაში გამოსვლამდე დეველოპერებს არ ქონდათ საშუალება ჩაეტარებინათ საკუთარი აპლიკაციების ტესტირება ამ მოწყობილობაზე. ისინი SDK-ში ჩადგმულ სიმულატორს იყენებდნენ. აიფონის შემთხვევაში ჯერ ტელეფონი გამოვიდა და მხოლოდ ერთი წლის გასვლის შემდეგ გამოვიდა SDK. შესაბამისად აპლიკაციების პირველი ტალღა ვერ გამოვიდა უნაკლო, ზოგოერთ მათგანში შეიმჩნევა მცირე ზომის „ხოჭოები“, რომელთა გასწორებაც დეველოპერებმა უკვე დაიწყეს.

მავანი მკითხავს, რატომაა მნიშვნელოვანი კონკრეტულად აიპადისათვის აპლიკაციების დაწერა, აიფონსი 170 000-ზე მეტი აპლიაცია ხომ მიდის მასზე? კი ბატონო, მიდის, ეშვება, მაგრამ საცოდავად გამოიყირება. ე.წ. „ძველი“ აპლიკაციებიდან მე ვტესტავდი ორს, Skype-ს და Facebook-ს. ორივე ემუალაციის რეჟიმში მუშაობდა (ანუ როდესაც უნდა დააჭირო ეკრანზე სპეციალურ ღილაკს, რომ აპლიაციამ აიპადის მთლიანი ეკრანი დაიჭიროს). ამ მდგომარეობაში გამოსახულება არის საშინლად უხარისხო, მაგალითად პირწიგნაკში ტექსტის კითხვა საერთოდ შეუძლებელია, ასოები დაკბილული და გონჯი ჩანს. სკაიპიც ულამაზოა, ტექსტი ვერ იკითხება კარგად (მე ცოტა ცუდად ვხედავ და მითუმეტეს გამიჭირდა). ამიტომაც იძულებული გავხდი ორივე პროგრამა დამებრუნებინა საწყის ზომაზე, როგორც ისინი ჩანს აიფონში. რამაც რათქმაუნდა ტექსტი აღქმადი გახადა, მაგრა ამხელა ეკრანზე ეს პაწუა ეკრანები ძალიან სასაცილოდ ჩანდა. სამაგიეროდ სპეციალურად აიპადისათვის დაწერილ აპლიკაციებში მუშაობა ისეთი სიამოვნებაა, რომ ალბათ თითოეული თქვენგანი, ვინც შეიძენთ აიპადს, კარგა ხანი ვერ მოწყდებით ამ მოწყობილობას. დროთა განმავლობაში კი გაგივლით ეს საწყისი ეიფორია, მაგრამ თავიდან… ჰო თავიდან ჩათვალეთ, რომ სამყაროდან ამოვარდებით სრულიად!

ერთ-ერთი ძირითადი კითხვა, რასაც მისვამენ ნაცნობები — როგორ ხდება სხვადასხვა ტიპის ფაილების მიმოცვლა აიპადში. თუ გგონიათ, რომ შეძლებთ აიპადის მიერთებას კომპიუტერთან, როგორც ფლეშკისა, ძალიან ცდებით. Apple-ი ამის უფლებას არ გაძლევთ. ჯერ უნდა დააყენოთ სპეციალური აპლიკაცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ ფაილებთან  იმუშაოთ. მაგალითად საოფისე ფაილებთან სამუშაოდ უნდა შეიძინოთ პროგრამები Pages, Numbers, Keynote. ამის მერე iTunes-ში გაჩნდება ფუნქცია File Sharing-ი. თქვენ იქ დაამატებთ საჭირო ფაილს და მოახდენთ აიპადის სინქრონიზაციას კომპიუტერთან. ფაილი გადავა აიპადში.

იმ ანეკდოტისა არ იყოს, მეგრელს რომ ჰკითხეს ყური სად გაქვსო და იმანაც იმის მაგივრად მარჯვენა ხელით მარჯვენა ყურზე მიეთითებინა, მარცხენაზე რომ მიუთითა მკლავუკუღმა, ეფლსაც ასე მოსდის. მართალია მე ძალიან, ძალიან მიყვარს ეს კომპანია და მისი პროდუქტები, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი აღშფოთება ფაილების გაცვლის ასეთი ჩახუჭუჭებული ფუნქციის გამო. კარგი, დავუშვათ არ სურს ეფლს, რომ მომხმარებელს წვდომა ჰქონდეს მოწყობილობის მთლიან ფაილურ სისტემასთან. მეც ასეთი აზრისა ვარ პრინციპში (თუმცაღა სულმოუთქმელად ველი, როდის გაქცევენ ციხიდან (ე.წ. jailbreaking) აიპადს, რომ ქართული კლავიატურის კეთება დავიწყო), მაგრამ შეკაიდედამიშვილო, გააკეთე რა საქაღალდე Public, მაგალითად და მოგვეცი საშუალება ფლეშკის პრინციპით შიგნით ჩავყაროთ ფაილები და მერე კონკრეტული აპლიკაციით გავხნათ. არა, ეფლი ისევ ველოსიპედს იგონებს!

Pages-ი საკმაოდ კარგად ხსნის ტექსტურ დოკუმენტებს, Word-ისასაც კი, თუმცა დაფორმატების ელემენტები ეკარგება რაღაც ოდენობით. მე არ მქონდა დრო რომ გამერკვია, თუ რამდენად იცვლება ფორმატირება რთულ დოკუმენტებში. პრინციპში რაც მაკზე გადავედი, ახლად შექმნილი ყველა დოკუმენტი Pages-ის ფორმატში მაქვს და შესაბამისად თავსებადობის პრობლემაც ამ მხრივ მოხსნილი მაქვს.

ექსპორტიც ასევე საოცრად ხდება. როცა მორჩებით დოკუმენტზე მუშაობას, გაქვთ რამდენიმე გზა მისი კომპიუტერში გადატანისათვის: ან iWorks.com-ზე ატვირთვა (ეს Google Docs-ების ანალოგია, ოღონდ ეფლის მიერ შექმნილი), ან ესქპორტი რომელიმე ფორმატში (PDF, Word, Pages) და მხოლოდ ამის მერე ის შეინახება სპეციალურ საქაღალდეში, რომლიდანაც ისევ iTunes-ის საშუალებით გადმოიტანთ კომპიუტერში.

იმედს ვიტოვებ, რომ ეფლი ახალი მიკროკოდის გამოსვლისათვის რაიმე ახალ ვარიანტს მოიფიქრებს. ტყულიად კი არ გადადეს შემოდგომისათვის მისი რელიზი!

კითხვა iPad-ზე

მიმოვიხილოთ აიპადი და არ ვისაუბროთ მის ისეთ ფუქნციაზე, რომელიც ყველაზე მეტად აინეტრესებთ მომხმარებლებს, კონკრეტულად კი ელწიგნის ფუნქციაზე, ნამდვილად დანაშაული იქნებოდა. ძირითადი აპლიკაცია (იმედი მაქვს, რომ მალე სხვა, ალეტერნატიული წამკითხველებიც გამოჩნდება) ახლა არის iBooks. ის უფასოა და მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია App Store-დან. იმის გარდა რომ ეს წამკითხველი პროგრამაა, ის ასევე ინტერფეისია აიპდსა და ეფლის წიგნების გაყიდვის ახალ სერვისთან.

პროგრამას მოყვება ერთი უფასი წიგნი, „ვინი-პუჰი“, ძალიან ლამაზად აკინძულ-დაკაბადონებული საბავშვო წიგნი, რომლის კიტხავამაც ისე გამიტაცა, რომ ორიდე საათით გადამავიწყა აიპადის სხვა ფუნქციების ტესტირებაც.

ელწიგნები აიპადში იკითხება EPUB- ფორმატში. ასეთი წიგნები მრავლადაა ინტერნეტში „უფასოდ“. შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და ისევ და ისევ iTunes-ის საშუალებით სინქრონიზაციით „გადაღვაროთ“ აიპადში. ქართულ წიგნებთან პრობლემაა. უფრო სწორედ პრობლემაა მათი არარსებობა. აკამ თვითონ დააკონვერტირა EPUB-ფორმატში რამოდენიმე ქართული წიგნი და ტესტირების დროს მომეცა საშუალება წამეკითხა ილია, სულხან-საბა, გოგებაშვილი. დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული რესურსები, სადაც იდება ქართველი ავტორების ტექსტები და უცხოურიდან ნათარგმნებიც, ყურებს გამოიჩიჩქნიან დროულად და მოგვაწვდიან პროფესიულად დაკონვერტირებულ წიგნებს. ასევე მინდა მივმართო გამომცემლობებს, ყურადღება მიაქციეთ აიპადს! და შექმენით მისთვის სრულყოფილი შიგთავსი წიგნების სახით!

მთლიაობაში რომ ვისაუბროთ აიპადზე, როგორც ელწიგნზე ვიტყვი მხოლოდ ერთს, ძალიან, ძალიან მაგარი რამეა! რამდენიმე საათი შეუსვენებლივი კითხვის შემდეაც კი არ შემქნია თვალების დაღლის მომენტი (თუმცა თვალები საკმაოდ სუსტი მაქვს), უბრალოდ წიგნიდან შეგიძლიათ ჩაუწიოთ ეკარნის სიკაშკაშეს სასურველ დონემდე და ეგაა!

მიმოხილვის ამ ნაწილის დასარულს მინდა ავღნიშნო რამდენიმე მომენტი:

  • აიპადის აპარატურული ნაწილი ძალიან კარგადაა შერჩეული;
  • ეკრანის ნათითურებით დასვრის მომენტი ძალიან მიშლის ნერვებს;
  • არააიპადისათვის დაწერილი ძველი აპლიკაციები არ უნდა გაუშვა აიპადზე, საშინელებაა, სამაგიეროდ აიპადის აპლიკაციები გამოიყურება საუცხოოდ;

და ბოლოს, ჩემი მოკრძალებული აზრით ეს არის საუკეთესო მოწყობილობა, რაც კი მე ოდესმე მინახავს. რაღათქმაუნდა მას აქვს უარყოფითი მომენტებიც, მაგრამ საერთო ფონზე ისინი ფერკმთალდებიან.

საერთოდ ვიტყოდი ერთ რამეს. Apple-ს არ გამოუგონია ტაბლეტ-კომპიუტერი, მაგრამ ზუსტად რომ Apple-მა შექმნა ის ისეთი, როგორიც ის უნდა იყოს! წერტილი!! განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება!!!


Comments

One response to “iPad-ის მიმოხილვა, ნაწილი 3”

  1. gamarjobat, araqartuli shriftistvis bodishi, ipod touch it gwert da kidev maqvs qartuli shriftis problema, arada jailbreaking axlaxans gavakete, didi interesit wavikitxe tqveni statia, apple s produqciaze mec tqvensavit sheyvarebuli var :) gisurvebt warmatebebs :)