ის მიდის!

ჩვენმა ბლოგმა მუშაობა სულ რამდენიმე დღეა რაც განაახლა ზამთრის ამ ცივ და სუსხიან დღეებში, მაგრამ განგებამ ისე ინება, რომ „ვაშლების“ სამყაროში საკმაოდ ცხელი დღეები დგას. ალბათ ბევრი თქვენგანისათვის ცნობილია ინფორმაცია სტივ ჯობსის ჯანმრთელობის შესახებ. ბევრ თქვენგანს ალბათ უკვე მობეზრებულიც ექნება ლამის ფრონტის ხაზიდან მოსულ ცნობებად ქცეული ელვა-გზავნილები სტივის ჯანმრთელობის შესახებ. მაგრამ მოხდა ისე, რომ სტივის პიროვნება და Apple-ი ერთმანეთისაგან განუყოფელია. ხოლო გუშინდელმა სიახლემ საერთოდ ყირაზე დააყენა მთელი მაკ-საზოგადოება.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ დილით, როგორც ყოველთვის ადრე გამეღვიძა, 7 საათის ფარგლებში. ჩემი სამუშაო დღე ფოსტის შემოწმებით და RSS-არხების დათვალიერებით იწყება. ვათვალიერებდი სიახლეებს და თან ვფიქრობდი თუ რა შემომეთავაზებინა თქვენთვის საინტერესო. უცებ წავაწყდი, რომ ყველა არხის მთავარი სიახლე მარტო ერთი იყო: „ჯობსი წავიდა“. პირველი ელდის შემდეგ თითქოს ცოტათი დავმშვიდდი, წერილში სტივი წერდა, რომ მხოლოდ რამდენიმე თვით იღებს ბიულეტენს და ივნისის ბოლოს კომპანიაში დაბრუნებას აპირებს. ამ პერიოდში მის მოვალეობას საოპერაციო დირექტორი ტიმ კუკი შეასრულებს.

მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა.

ჯერ ერთი, უნდა გვახსოვდეს, რომ ორ კვირაზე ცოტა ხნით ადრე Apple-მა გამოაქვეყნა ჯობსის წერილი, რომელშიც მან ახსნა თავისი არყოფნა Macworld-ზე ჯანმრთელობის პრობლემების, კერძოდ ჰორმონალური დისბალანსის გამო. ამასთან სტივმა დასძინა, რომ ის განაგრძობს კომპანიის უშუალო მართვას.

დღევანდელი წერილი უფრო მძიმეა. ის წერს: „პრობლემები უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ადრე ვვარაუდობდი“. ფრიად დამაფიქრებელი სიტყვებია.

ვინც არ ხართ ჩახედული საქმის კურსში, ალბათ იკითხავთ „რატომ“? თავი და თავი სტივის ჯანმრთელობის მდგომარეობაშია დამარხული. 2004 წელს მას აღმოუჩინეს კუჭქვეშა ჯირყვლის სიმსივნე და გაუკეთეს სასწრაფო ოპერაცია (როგორც მაშინ განაცხადეს, დაავადება საწყისს სტადიაში იყო და დროზე მიუსწრეს). მას შემდეგ ის ძლიერ გახდა, ფაქტიურად ჩონჩხად იქცა ერთ დროს საკმაოდ ზორბა აღნაგობის ადამიანი. არსებობს მოსაზრება (რომელიც არაფრით არ დასტურდება), რომ ოპერაციის შემდგომ სტივს პრობლემები შეექმნა საკვების გადამუშავების საკითხში. თუმცა 2004 წელსვე, ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ ის აქტიურად ჩაერთო კომპანიის საქმიანობაში, ხოლო კიდევ ერთი თვის შემდეგ სრულიად აღდგინა ადრინდელი სამუშაო მდგომარეობა.

ამის გარდა კიდევ ერთი მომენტი უნდა გავითვალისწინოთ. მაკ-საზოგადოების უმრავლესობა თვის და მეც ვუერთდები ამ აზრს, რომ Apple-ის ძირითადი მამოძრავებელი ძალა სწორედ სტივია. მისი ხედვით, მისი შემართებით “შეძლოს შეუძლებელი” და დეტალებისადმი ყურადღებით. რათქმაუნდა, მან შეძლო და შეკრიბა თავის გარშემო ისეთი გუნდი, რომელიც სწორედაც რომ მისი დონისაა. ტიმ კუკი – არაჩვეულებრივი გენერალური მმართველია. მისი დამსახურებაა, რომ 1998 წლიდან კომპანია საოპერაციო მოღვაწეობას ეფექტურად ახორციელებს. ჯონ აივი, ლეგენდარული და გენიალური დიზაინერია, მისი შექმნილია ბოლო ათწლეულის განმავლობაში Apple-ს მიერ გამოშვებული პროდუქტების უდიდესი ნაწილის იერსახე. ფილ შილერი, მარკეტინგის ძლიერი სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია შესანიშნავი შოუს მოწყობა სცენაზე ახალი პროდუქტის წარმოდგენისას. ვერც ერთი მათგანი ვერ ქაჩავს ჯობსის ფანატიზმამდე, ერთადაც კი მათი შესაძლებლობები ვერ მიდის სტივის დონემდე დაინახონ ახალი პროდუქტი. ამიტომაც საჭიროა სტივი, რომელიც მართავს მათ. მის გარეშე ძნელი წარმოსადგენია რა გამოუვათ მათ ჯობსის გარეშე.

სხვათაშორის, ვოლ სტრიტმა მყისიერად მოახდინა რეაგირება და Apple-ის აქციების ფასი 7%-ით გაუფასურდა.

თუ ყველაფერი კარგად იქნება, სტივი მართლაც დაბრუნდება ივნისში „მსუქანი“ და „კმაყოფილი“. თუ ცოტას წავიფანტაზიორებთ, შეიძლება წაროვიდგინოთ, რომ მისი დაბრუნება დაემთხვევა WWDC-ს, რომელიც ზაფხულში იმართება, ამასთან ის წარმოგვიდგენს რაიმე ახალ მეგა მოწყობილობას და მოახდენს ფურორს თავისი „ღაჟღაჟა იერით“.

კარგი იქნება თუ ეს ფანტაზია ახდა, თუმცა ვეჭვობ, რომ მომავალი 6 თვე Apple-ისათვის საკმაოდ მძიმე იქნება.