მე და Leopard-ი — აქა ამბავი ოს-ის მოძიებისა და მისი ინსტალაციისა

მოგესალმებით!

როგორც დაგპირდით, ვიწყებ Leopard-ის შესახებ სტატიების ციკლს. ყოველი აქ მოთხრობილი შემოწმებული იქნება პირადად ჩემს მიერ საკუთარ PowerBook-ზე.

ყველამ იცით, რომ Apple Mac OS X Leopard-ი ოფიციალურად გაყიდვაში გამოვიდა 26 ოქტომბერს. მანამდე ორიოდე დღით ადრე ქსელში გასაოცარი ოპერატიულობით დაიდო მისი ასლი. რამდენადაც ცნობილია კუპერტინომ ბოლო, ფინალური ანაწყობი სპეციალურად არ დაუგზავნა ბეტა-ტესტერებს ზუსტად რომ ფინალური ვერსიის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. ასეა თუ ისე, საბოლოო ვერსია ქსელში გავრცელდა ინსაიდერული გზებით (გველი! გველი გაგვიზრდია! :))

მოკლედ, თავს აღარ შეგაწყენთ იმის მოყოლით, თუ საიდან მაქვს ოს-ი. მაქვს. ინსტალაციისადმი მზადება დავიწყე ორშაბათს საღამოს 7 საათიდან. თავის გადაზღვევის მიზნით მონაცემების სამარქაფო ასლი გადავიტანე მეორე კომპიუტერზე (55 გბაიტი). ამ ოპერაციაზე დამეხარჯა ლომის წილი დროისა. ზუსტად ღამის პირველ საათზე ჩემმა პაწუკამ გადაყლაპა DVD-დისკი.

აქ მინდა გაგაცნოთ ის კონფიგურაცია, რაზეც ამჟამად მიყენია ლეოპარდი: PowerBook 12” 512 მბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 80 გბაიტი მყარი დისკი.

სხვა პარამეტრები ნაკლებად მნშვნელოვანია. მე ყველაზე მეტად ვნერვიულობდი ოპერატიული მეხსიერების სიმცირესთან დაკავშირებით. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სრულიად უსაფუძვლოდ. მეორე, რაც მაფიქრებდა, ჩემი დისკწამყავნის მიერ ორფენოვანი დისკების წაკითხვის პრობლემა იყო. ჩემი პორტატული კომპიუტერი ასე ვთქვათ ასაკოვანი შევიძინე. ერთხელ ვცადე მასზე ორფენოვანი, 8.5 გბაიტიანი დისკის წაკითხვა და მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. თუმცა ჩვეულებრივი DVD-დიკების წაკითხვისას და ჩაწერისას არანაირი პრობლემა არ მქონია. ჩემდა გასაოცრად, მაკმა დისკი წაიღო ყოველგვარი პრობლემების გარეშე! ამ ამბით გახარებულმა დავაწკაპუნე ინსტალაციის ხატულას, რის შემდეგაც კომპიუტერმა ხელახალი ჩატვირთვა მომთხოვა (Restart). ამაზეც დავეთანხმე. კომპიუტერი ჩაიტვირთა, რამოდენიმე წამი დაფიქრდა და ინსტალაცია დაიწყო. როგორც მეგობრებისაგან მქონდა გაგონილი, ვისაც უკვე ჰქონდა დაინსტალირებული ლეოპარდი, ინსტალაციის დრო შეიძლება გაგრძელებულიყო რამოდენიმე ათეული წუთიდან რამოდენეიმე საათამდე. ჩემს შემთხვევაში ინსტალიაც დასჭირდა ზუსტად 45 წუთი. ალბათ ესეც იმის გამო, რომ დისკწამყვანი ბებრუცანაა და ნელა კითხულობს. ინსტალაცია მიმდინარეობს მარტივად, 3 წლის ბავში გაერკვევა თუ რა არის საჭირო. მე გავთიშე პრინტერების და ენის პაკეტების ინსტალაცია (მარტო რუსული დავიტოვე. ისე, ყოველი შემთხვევისათვის). გამოვიდა სადღაც 4.5 გბაიტი დასაინსტალირებელი. ისე გაიარა ინსტალაციამ, რომ ვერც კი გავიგე. ხელახალი ჩატვირთვის შემდეგ ოს-მა შეამოწმა ჩემი მონაცემები (სახელი, გვარი, კალოშის ნომერი და ა.შ.) და სისტემა ჩაიტვირთა!

მცირე რეზიუმე რომ გავაკეთოთ. ინსტალაცია უმარტივესია, არ მოითხოვს თავის ტვინის უჯრედების დიდ დაძაბვას. ადრე დაყენებული ყველა პარამეტრი, როგორც სისტემური, აგრეთვე უცხო პროგრამებისა, აგრეთვე დამახსოვრებული პაროლები უპრობლემოდ გადმოვიდნენ ახალ სისტემაში. პროგრამების პირველადი შემოწმების შედეგად ყოველი მათგანი ეშვება (უფრო ღრმა ანალიზის დრო არ მქონდა ჯერ) უპრობლემოდ. რაც მთავრია!

ჩემთვის ფრიად მთავარი! შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ Apple Mac OS X 10.5 Leopard-ი კომფორტულად გრძნობს თავს 512 მბაიტ ოპერატიულ მეხსიერებაში! რათქმაუნდა, „მძიმე“ პროგრამული უზურნველყოფის გაშვების შემთხვევაში სისტემა შენელდება (თუმცა ამასაც დარწმუნებით ვერ ვიტყვი, შევამოწმებ და მოგახსენებთ), მაგრამ ყოველდღიური, საოფისე გამოყენებისას დისკომფორტი არ შეიგრძნობა საერთოდ! Word-ი, Excel-ი (2008 ბეტა ვერსია) ნორმალურად გაეშვა. მაგრამ მე დამატებით ოპერატიულს მაინც შევიძენ, XCode-ში მუშაობისას ფრიად დამჭირდება! ამით დღევანდელ მიმოხილვას ვამთავრებ. საღამოს ინტრეფეისზე მოგიყვებით.