მშვენიერი ეპოქის დასასრული

გასული კვირის ბოლოს Apple-მა დილერებს შორის გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საოფისე პროგრამების საფირმო პაკეტი AppleWorks-ი მიუახლოვდა სტატუსს „End of Life“ (შემოკლებით EOL) – სასიცოცხლო ციკლის დასასრულს. პროგრამისათვის სამი ავბედითი ლიტერის მინიჭება ნიშნავს მის გაყიდვებიდან ამოღებას და მხარდაჭერის შეწყვეტას. რაც დასტურდება შესაბამის ვებ-გვერდზე მოკლე ექსკურსიის შედეგად – გვერდის ჩატვირთვის მცდელობისას ხდება გადამისამრთება Apple iWork-ის საიტზე.

ჩვენ მხოლოდ ისაღა დაგვრჩენია, რომ მოკლე ნეკროლოგი წავიკითხოთ: საოფისე პროგრამების პირველი ვერსია შექმნილია რობერტ ლისნერის მიერ (Robert Lissner) 1984 წელს Apple II-თვის და შეიცავდა სამ პროგრამას – ტექსტურ რედაქტორს, ელექტრონულ ცხრილს და მონაცემთა ბაზის მოდულს. AppleWorks 2.0-ი იქმნებოდა უკვე კუპერტინოზე დაქვემდებარებული შვილობილი კომპანიის Claris-ის მიერ, რომელმაც 1991 წელს გადაიყვანა პაკეტი Apple Macintosh-ზე ClarisWorks-ის სახელით. ნაკლებად ცნობილი ფაქტი – ორი წლის შემდეგ გამოვიდა ClarisWorks 1.0 for Windows.

მიუხედავად იმისა, რომ AppleWorks 1.0-ს პრაქტიკულად არ ეწეოდა რეკლამა, ახალი პაკეტის დებიუტი ეფექტური აღმოჩნდა – მეორე ადგილი გაყიდვებში, სწრაფად მზარდი მოთხოვნა და კვარცხლბეკიდან გადმოგდებული ნომერი პირველი კონკურენტი, Lotus 1-2-3.

Claris-ის გაუქმების შემდეგ, ClarisWorks-ის მეხუთე ვერსიას სასწრაფო წესით შეუცვალეს სახელი AppleWorks 5-ზე. შემდეგ გამოვიდა Mac OS X, მოხდა წარმატებული „კარბონიზაცია“, ვერსია 6.2.9 -ზე შეჩერება და ბოლოს, სამწუხარო ფინალი. EOL. ანუ, RIP.