Macbook Air-ის მიმოხილვა

აჰა! როგორც იქნა დადგა დღე, როდესაც ჩემს ხელთ მოხვდა ახალი Macbook Air-ი! სტივის ბოლო პრეზენტაციიდან სულმოუთქმელად ველოდი, როდის ჩამოაღწევდა თბილისში ეს ახალი ნოუთბუქი. კვლავაც პირველი ამ საქმეში აღმოჩნდა ჩვენი ბლოგის მიმოხილვების სპონსორი კომპანია iphones.ge, რომლის მაღაზიაც მდებარეობს თბილისში, ლესელიძის 53 ნომერში. დიდი მადლობა მის ხელმძღვანელს, აკა ხუხაშვილს გაწეული დახმარებისათვის!

Macbook Air Review
Macbook Air Review

მაშ ასე, მოდით ვნახოთ რა არის ამ ნოუთბუქში ახალი და მნიშვნელოვანი!

ახალი მოდელი გამოვიდა გასულ თვეს. სიახლეები ბევრია მართლაც. ორი მოდელი გამოვიდა: 11 და 13 გოჯიანი ეკრანებით. წინა მოდელისაგან განსხვავებით, ახალში ორი USB პორტია, ახალი ვიდეო ბარათი Nvidia GeForce 320M, უფრო მძლავრი აკუმულატორები, ეკრანის გარჩვეადობამაც მოიმატა და ახლა არის 1440×900 პიქსელზე 13 გოჯიანისათვის (ჩემს 15 გოჯიან Macbook Pro-ზე ამდენია, ასე რომ იგრძენით განსხვავება!) და რაც მთავარია, უფრო სწრაფი ფლეშ-მატარებლით. 11-იანზე გარჩევადობა 1366×768-ზეა, წონით უფროს ძმაზე 300 გრამით ნაკლებია.

ამ ახალი მოდელების გამოსვლით Apple-მა თავისი სამოდელო რიგი კიდევ უფრო გააფართოვა და მომხმარებელს არჩევანის უფრო დიდი საშუალება მისცა. ახლა ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ თუ რა გვინდა, რა უფრო მნიშვნელოვანია: ზომა, წონა და პორტატულობა, თუ წარმადობა, ფუნქციონალურობა და უფრო ფართო შესაძლებლობები.

11 გოჯიანი Air-ი იგივე ფასი ღირს, რაც თეთრი Macbook-ი (ფასები აშშ-ში), მაგრამ პრინციპული სხვაობა იმაშია, რომ თეთრ მოდელში შესაძლებელია მეხსიერების შემდგომში გაზრდა, ამასთან დისკური სივრცეც უფრო მეტია. Air-ს როდესაც უკვეტავთ, რასაც შეუკევთავთ, ის დაგრჩევათ მუდამ — მეხსიერების გაზრდა შეუძლებელია.

არჩვენის მომენტია აგერეთვე ის, თუ რომელ მოდელს ავირჩევთ ამ ორ Air-ს შორის: 11 თუ 13 გოჯიანს. მე ტესტირებისათვის 11-იანი მერგო, რომელმაც არა მარტო მე, არამედ ჩემი თანამშრომელბიც ძალიან  მოხიბლა (რამოდენიმე მათგანი 10 გოჯიან ნეთბუქებს იყენებს ყოველდღიური საქმიანობისათვის ).

მეორე მხრივ, 13 გოჯიანი ვერსიას უფრო მაღალი გარჩევადობის ეკრანი აქვს. ამიტომაც ეს მოდელი Macbook Pro-ს რეალურ კონკურენტად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. რაშიც ის სერიოზულად აგებს, ეს არის Ethernet-თან კავშირის არასებობა (მხოლოდ უსადენო კავშირია გათვალისწინებული).

MacBook Air-ი და iPad-ი

ახალი Air-ის გამოსვლისთანავე გაჩნდა მოსაზრებები, ხომ არ გახდება ის iPad-ის კონკურენტი. ისეთივე მცირე ზომის, მსუბუქი და კომპაქტური, მაგრამ აღჭურვილი სრულფასოვანი ოპერაციული სისტემით, ის შეიძლება ბევრისათვის კომპრომისული ვარიანტი აღმოჩნდეს. თეორიულად ახალ Air-ს შეუძლია iPad-ს მომხმარებელთა რაღაც ნაწილიც წაართვას.

მაშინ, როდესაც iPad-ი სენსორული ეკრანის მეშვეობით იმართება და მისი საშუალებით უფრო ადვილი და კომფორტულია ინფორმაციის მიღება და აღქმა, Air-ის ფიზიკური კლავიატურა და ტრეკპადი ამ ინფორმაციის შექმნას უფრო ადვილს ხდის. რათქმაუნდა ამ სიტუაციაში აიპედი აქებს. მოკლედ, როგორც ყოველთვის, არჩევანის მრავალფეროვნება კიდევ უფრო სასარგებლოა ჩვენთვის, მომხმარებლებისათვის.

კორპუსი და ეკრანი

რა სხვაობა Macbook Air-ის ამჟამინდელსა და წინა მოდელებს შორის? რათქმაუნდა კიდევ უფრო შემცირდა კორპუსის სისქე და წონა, გუმჯობესდა USB-პორტებთან წვდომა (წინა მოდელში საკმაოდ მოუხერხებელი იყო, უნდა ჩამოგეწია სპეციალური საფარი, მოკლედ მე არ მომწონდა). მოიმატა ეკრანების გარჩევადობამ, მაგრამ მინუსად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კლავიატურას განათება არა აქვს, ტრეკპადი, როგორც უფროს მოდელებში მთლიანად შუშისაა და ძალიან მოსახერხებელია. 13 გოჯიან მოდელს აგრეთვე აქვს SD-ბარათების სლოტი. რაც ყველაზე საინტერესოა, არცერთ მოდელს არა აქვს სავენტილაციო ნახვრეტები!

ეკრანი ძალიან მკვეთრი და კაშკაშაა. მის შემდეგ სამსახურის HP-ის უდღეური ნოუთბუქი საშინელი საყურებელია :)

კორპუსი ისეთი თხელია, რომ თავიდან მეშინოდა კიდეც მისი ხელში აღება: არ გავტეხო-მეთქი. წონა 11 გოჯიან მოდელში 1.06 კგ-ია. ოფისში რომ მიმქონდა, ჩანთა უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე კომპიუტერი.

ტექნიკური დეტალები

MacBook Air-ში გამოიყენება ცოტა მოძველებული პროცესორი, Intel Core 2 Duo. მას სიხშირე აქვს შემცირებული ხელოვნურად, რაც ამცირებს სითბოს გამოყოფას და ენერგიის მოხმარებას ამცირებს.

აი გრაფიკული პროცესორი მართლაც კარგია — NVIDIA GeForce 340M. საკუთარი მიზნებისათვის ის 256 მეგაბაიტს იყენებს ოპერტიული მეხსიერებიდან .

ვინაიდან კომპიუტერს არა აქვს ქსელის კაბელის შესაერთებელი, ლოგიკურია გავარკვიოთ, მისი უსადენო შესაძლებლობები როგორია. ჩემი აზრით სრულიად ნორმალურია: AirPort Extreme Wi-Fi (ანუ, IEEE 802.11n, რომელიც თავსებადია IEEE 802.11a/b/g) და Bluetooth 2.1 + EDR.

რაც ყველაზე საინტერესოა: ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, Apple-მა საინსტალაციო დისკის მაგივრად შემოგვთავაზა საინსტალაციო ფლეშ-ჩიპი. 8 გიგაბაიტიანი, დაფორმატებულია მხოლოდ წაკითხვაზე და ძალიან, ძალიან ლამაზია!

მე დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც გაისად WWDC 2011-ზე გამოცხადდება Mac OS X 10.7 Lion-ი, მისი დისტრიბუტივის გაყიდვა ამ ხერხით მოხდება.

Macbook Air Review
Macbook Air Review

დასკვნა

Air-ი არ არის განკუთვნილი მძიმე ამოცანების შესრულებისათვის. ეს არის მენეჯერის, კომპანიის ხელმძღვანელის კომპიუტერი. ეს არის სახლში დამატებითი ნოუთბუქი, რომლის წაღებაც შეიძება ყველგან, სადაც არ გსურთ მძიმე, სრულზომიანი ნოუთბუქის თრევა. ეს არის ჩემი თანამშრომლებისათვის ზედგამოჭრილი კომპიუტერი, რომლებიც დრეს ოფისში არიან, ხვალ ლექცია აქვთ ჩასატარებელი და პროექტორზე უნდა მიაერთონ პრეზენტაციის ჩასატარებლად. მოკლედ, მარავალი ადამიანი შეძლებს ახალი Macbook Air-ის გამოყენებას ყოველდღიურ საქმიანობაში.

ულტრაკომპაქტური ნოუთბუქი, Apple-ის არაჩვეულებრივი ტრეკპადით. ოდნავ ნაკლებად მობილური, ვიდრე აიპადი, სამაგიეროდ სრულფასოვანი ოპერაციული სისტემით.

კარგი რამეა.

iPod Touch — ახალი ვერსიის მიმოხილვა

მეგობრებო, როგორც დაგპირდით, გთავაზობთ iPod Touch-ის მიმოხილვას ჩვენს ბლოგში. სატესტო ვერსია როგორც ყოველთვის ოპერატიულად მოგვაწოდა კომპანიამ iphones.ge, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, ლესელიძის 53 ნომერში. დიდი მადლობა მის ხელმძღვანელს, აკა ხუხაშვილს!

მაშ ასე, შევუდგეთ მიმოხილვას.

პირადად ჩემთვი iPod touch-ი არის იგივე აიფონი, ოღონდ მობილური კავშირის გარეშე. თუმცა ეფლის სმარტფონთან მისი მსგავსება საკმაოდ დიდია. ახალი მოდელი კიდევ უფრო დაუახლოვდა აიფონს პარამეტრებით.

როგორც ცნობილია, მე-4 თაობის iPod touch-ის პრეზენტაცია მოხდა მ.წ. 1 სექტემბერს, სპეციალურ მუსიკალურ ღონისძიებაზე. ახალი მოდელი მთელი რიგი პარამეტრებით ნამდვილად საინტერესო რამაა. და რომ არა უკვე არსებული ახალი აიფონი, აუცილებლად შევიძენდი მას.

ყუთიდან ამოღების შემდეგ (უნდა მოგახსენოთ, რომ როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც შეფუთვა ძალიან მაღალ დონეზეა) აშკარად შევამჩნევთ, რომ ახალი მოდელი კიდევ უფრო თხელი გახდა და ასე ვთქვათ უფრო „ოთხკუთხედიც“. კორპუსის უკანა ნაწილი ფოლადისგანაა დამზადებული. ერთი მხრივ არაჩვეულებრივად ლამაზია, მეორე მხრივ — საკმაოდ სწრაფად იფარება ცხიმიანი ნათითურებით. ძირითადში დიზიანი ისევ ისეთივეა.

თუ დამკვრელს პირდაპირ შეხედავთ, ვერ დაინახავთ მართვის ღილაკებს, რომლებიც უკანა კედელზეა ისე განტავსებული, რომ არ ჩანს. მთავარი სიახლე გახლავთ VGA-კამერა წინა მხრიდან, მეორე კამერა დამკვრელის უკანა კედელზეა დატანებული.

კორპუსის ქვედა ნაწილში განთავსებულია ყურსაცვამების შესაერთებელი და კომპიუტერთან სინქრონიზაციის (რომელიც ამავდროულად ელკვებისათვის გამოიყენება) კონექტორი. კორპუსი ძალიან მაღალ დონეზეა აწყობილი. მისი ზომებია: 111 x 58.9 x 7.2 მმ, წონა — 101 გრ.

ერთ-ერთი დიდი სიახლე არის აგრეთვე ახალი ეკრანი. პრინციპში არც ძველი ეკრანი იყო ცუდი, მაგრამ ახლა ის განსაკუთრებით მიმზიდველია — 960 x 640 პიქსელზე, ნუ მოკლედ Retina-დისპლეი. შედეგად გამოსახულება ზემკაფიოა და არაჩვეულებრივი.

ახალ მოდელში პროცესორც გამოიცვალა — ახლა მასში აყენია იგივე A4, რაც აქვს ახალ აიფონს. შედეგად წარმადობამ მოიმატა, თანაც მაგრად, ყველა ოპერაცია ძალიან სწრაფად სრულდება.

iOS 4.1-მა მოიტანა ის სიახლეები, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ FaceTime-ით. მე როგორც იქნა შევძელი და ჩემი აიფონ 4-ის შეძენის შემდეგ პირველად ავამუშავე ეს ფუნქცია. არაჩვეულებრივად ამუშავდა. სიგნალი გადაეცემა კარგად, შეყოვენებეი არ არის. გამოსახულება ძალიან მაღალი ხარისხისაა.

უკანა კედელზე განთავსებულმა კამერამ არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ერთი მხრივ იღებს HD-ვიდეოს, თანაც საკმაოდ კარგად. მეორე მხრივ ფოტოგადაღებისას გამოდის შედარებით დაბალი ხარისხის (აიფონ 4-თან შედარებით).

iOS 4.1-ის კიდევ ერთი ფუნქცია — სერვისი Game Center, საშუალებას გაძლევთ ადვილად დაუკავშირდეთ მეგობრებს და ერთად ითამაშოთ სხვადასხვა თამაშები.

რაც შეეხება ამ ახალი მოწყობილობის ძირითად ფუნქციას, მუსიკალურ დამკვრელს, ის შეუდარებელია! ხმის ხარისხი ძალიან მაღალია, კომპლექტში შემავალი ყურსაცვამები პრინციპში დამაკმაყოფილებელ ხარისხს იძლევა, თუმცა შეგიძლიათ მიუერთოდ სხვა უფრო ძვირად ღირებული ყურსაცვამებიც.

დასკვნა: iPod Touch 4G — საუკეთესო მულტიმედია მოწყობილობაა ბაზარზე. ის ერთნაირად კარგად ასრულებს მუსიკალური დამკვრელის, ვიდეო დამკვრელის, სათამაშო კონსოლის და ჯიბის კომპიუტერის ფუქნციებს.

iPod nano — პირველი მიმოხილვა ქართულად

მცირედი შეყოვნების შემდეგ ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ჩვენს მიმოხილვებს ეფლის სამყაროდან რაშიც უცვლელად გვეხმარება ჩვენი მეგობარი და სპონსორი კომპანია iphones.ge და მისი ხელმძღვანელი აკა ხუხაშვილი. iphones.ge-ის მაღაზიაში თქვენ შეგიძლიათ შეიძნოთ კომპანია Apple-ის უახლესი მოწყობილობები საუკეთესო ფასად! ეწვიეთ მაღაზიას მისამართზე ლესელიძის 53, კმაყოფილი დარჩებით!

დღეს iphones.ge-მ ტესტირებაზე გადმოგვცა უახლესი iPod nano. მოდით ვნახოთ თუ როგორია ის!

ალბათ დამეთანხმებით, რომ iPod nano მუსიკალურ ბაზარზე ერთ-ერთი ბესტსელერია. 2005 წელს მან შეცვალა იმ დროისათვის უკვე მოძველებული
iPod Mini, რითაც საფუძველი ჩაეყარა ახალ პოპულარულ დამკვრელებს.

ამასწინდელ სპეციალურ მუსიკალურ ღონისძიებაზე სტივ ჯობსმა წარმოგვიდგინა iPod nano-ს მეექვსე ვერსია. ყველა წინამორბედთან შედარებით ის ყველაზე მცირე ზომისაა (37.5 x 40.9 x 8.78 მმ), ამასთან ძალიან მსუბუქიც (21 გრ).

მინიატურულ პლეერს გააჩნია 1.54 დუიმიანი ეკრანი „მალთითაჩის“ მხარდაჭერით, მისი გარჩევადობაა 240 x 240 პიქსელზე.

მოწყობილობის ქვედა ნაწილში განთავსებულია დოკ-შესაერთებელი კომპიუტერთან დასაკვშირებლად და 3.5 მმ-იანი ბუდე ყურსაცვამებისათვის. უკანა კედელზე დამაგრებულია კლიფსა ტანსაცმელზე მისამაგრებლად და კომპანიის ლოგო. ზემოდან მოთავსდა სამი ღილაკი — ორი ხმის რეგულირების და ძილის რეჟიმის ჩართვა/გამორთვის.

App Store-ის ან iTunes-ის მხარდაჭერა გათვალისწინებული არ არის. თუმცა ინტერფესი ძალიან მარტივია და მოსახერხებელია. ეკრანზე განთავსებულია 4 ხატულა და არის მენიუს 4 სექცია. სულ 16 ხატულა. როგორც აიფონში, აქაც საკმარისია თითი გადაუსვათ ეკრანს და მენიუს სექციებში ძალიან მარტივად გადახვალთ.

ეკრანის ზედა ნაწილში ნახავთ დამკვრელის მუშაონის სტატუსს და აკუმულატორის მუხტის ინდიკატორს. მართალია ნანოს არა აქვს მაღვიძარა, მაგრამ აქვს ტაიმერი და წამზომი.

მეექვსე ვერსიაში ნანოდან ამოიღეს ვიდეოს ჩაწერისა და დაკვრის რეჟიმი, სწორედ ამის გამო მოხერხდა ზომების შემცირება.

მე უკვე 10 საათია უწყვეტად ვსარგებლობ ახალი ნანოთი (სამწუხაროდ მხოლოდ ორიოდე დღით, მერე უნდა დავაბრუნო) და ძალიან მომწონს, რადიოს ვუსმენდი ახლა ტრანსპორტში და ხმის ხარისხით კმაყოფილი დავრჩი. თანაც აკუმულატორი 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზეა გათვლილი, რაც ფრიად კარგია.

მოკლედ ძალიან საინტერესო მოწყობილობაა! ვისაც გიყვართ ეფლის ტექნიკა და თანაც სიახლეები, ეს არ უნდა გამოტოვოთ. ხოლო ვისაც ჯერ-ჯერობით არ გაქვთ ამ საოცარი კომპანიის არცერთი პროდუქტი, დროა გაკეთოთ თქვენი არჩევანი!

iPhone 4-ის მიმოხილვა, ნაწილი მესამე, არადამასრულებელი

სალამი მეგობრებო!

პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, რომ ამდენ ხანს გაცდევინეთ. გასული კვირა სავსე იყო ვნებათა ღელვებით. ჯერ ერთი ჩემს სამსახურში პროექტის ერთ-ერთი სტადიის ფინალი იყო და მაგ დროს როგორც წესი საგიჟეთი მაქვს. მეორეც, გასულ ორშაბათს როგორც იქნა ჩამოაღწია ჩემმა პირადმა აიფონმა! ალბათ წარმოგიდგენიათ, რამდენად გამიხარდა! და ვითვალიწინებ რა მკითხველთა უდიდეს ინეტრესს ყბადაღებული სიგნალის კარგვის შესახებ, გადავწყვიტე მთელი კვირა დავკვირვებოდი ამ საკითხს, რათა სრულყოფილად მომეხერხებინა თქვენთვის ინ ფორმაციის მოწოდება ამ საკიტხის შესახებ.

მაშ ასე, დავიწყოთ!

ვინაიდან ეს არ იქნება ჩვენი მიმოხილვის ბოლო ნაწილი (ერთ კვირაში, როდესაც ზღვიდან ჩამოვალ, მე განვაგრძობ აიფონის დეტალურ მიმოხილვას) მოდით დღევანდელი პოსტი მთლიანად დავუთმოთ ანტენას და სიგნალის კარგვის საკითხს.

ანტენა და სიგნალის მიღება

რათქმაუნდა, აიფონის ყუთიდან ამოღებისთანავე გიჩნდება სურვილი დაუყოვნებლივ შეამოწმო სიგნალის მიღების პრობლემის არსებობა. ნუთუ საკმარისია თითი მივადოთ ტელეფონის გვერდითა მხარეს შავ ზოლს, რომელიც ორ ანტენას ყოფს ერთმანეთისაგან და სიგნალი დაიკარგება? მოდით გავერკვეთ.

მე ზუსტად ასე მოვიქეცი, სახლში მიტანისთანავე ვეცი ტელეფონს და მარტივი აქტივაციის შემდეგ (ამ პროცესში ყველაზე რთული იყო სიმ ბარათის კორექტულად შემოჭრა, მაგრამ ამასაც გავართვი თავი), პირველი რაც გავაკეთე ეს იყო ტელეფონის მტევანში მომწყვდევა. მოვიმწყვდიე და… სიგნალის ჯოხებმა ვარდნა იწყეს კატასტროფული სისწრაფით. პირკატა მეცა, გავშრი და უკვე გემრიელად უნდა შემეგინებინა სტივ ჯობსისთვისაც, ეფლის ინჟინრებისთვისაც და კიდევ ვინმეს მივაყოლებდი, რომ უცებ გამახსენდა — ჩემი ოთახი ხომ „რადიო ჩრდლიში“-ა! დიახ, გაუგებარი მიზეზით თუ მანქანებით, ჩემს ბინაში ზოგადად ცუდად იჭერს ნებისმიერი ტელეფონი, არა მარტო აიფონი. ეს ფაქტი ადრეც მქონდა შემჩნეული და ახლა ნერვიულობის გამო უცებ თავიდან ამომივარდა! ცოტა დავწყნარდი და ვეცი მეზობლის ბინას. ყვირილით შევვარდი: „არ შეგაწუხებთ დიდი ხნით, სიგნალი უნდა გავზომო“-მეთქი. მეზობელი ცოტა შეშინდა, მაგრამ მაინც შემიშვა ბინაში, თანაც რაღაც უცნაურად დამიწყო ყურება :D მე მეზობლის ბინა შემოვირბინე, სამივე ოთახი, მერე ლოჯიაშიც გავედი, აბაზანაც არ გამოვტოვე (ყველაზე „მკვდარი“ წერტილი სიგნალის მიღების თვალსაზრისით). შედეგი. რამდენიც არ ვიღონე, ვერ დავაკარგვინე სიგნალი ტელეფონს. ჯოხები ჯიუტად განაგრძობდნენ ხუთი დანაყოფის ჩვენებას ინდიკატორზე.

მეორე დღეს და საერთოდ მთელი კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვაგრძელებდი სიგნალის დაკარგვის მცდელობებს:

  • ვაკის პარკთან  ვმუშაობ ახლოს, სიგნალი გადასარევია, არ იკარგება;
  • საბურთალოზე, სამედიცინო უნივერსიტეტთან — არ იკარგება;
  • ლესელიძის ქუჩა, სინაგოგასთან ახლოს — არ იკარგება;
  • მეტროს ქვედა ბაქნები — არ იკარგება;
  • ვაგზლის მოედანი —  არ იკარგება;

და ასე შემიძლია განვაგრძო უსასრულოდ, თუმცა ერთი უნდა ითქვას, სადაც სიგნალი მართლა სუსტია და სხვა ტელეფონებსაც აკლდებათ „ჯოხები“ ინდიკატორზე, აიფონსაც იგივე მოსდის. მაგრამ მოდით გულზე ხელიდ ავიდოთ და ვთქვათ, რატომ უნდა მოვთხოვოთ აიფონს იმაზე  მეტი, რაც სხვა ტელეფონს არ შეუძლია? მე მგონია რომ არ უნდა მოვთხოვოთ.

თანაც ერთი რამ გაითვალისწინეთ. როდესაც სიგნალდაკლებული აიფონიდან ვსაუბრობ, აბონენტებს არ გაჩენიათ დსიკომფორტი ჩემი ხმის გაგების გამო. მხოლოდ ერთხელ იყო რომ ჩემს მეუღელს არ ესმოდა, როდესაც ის ქალაქში იყო გასული, ხოლო მე ჩემს „რადიო ჩრდილის“ მქონე ბინაში ვიყავი.

რათა ერთხელ და სამუდამოდ ამოვწურო ეს თემა ვიტყვი შემდეგს: სიგნალის კარგვა და მასთან დაკავშირებული ისტერია არის მითი, რომელიც მხოლოდ ეფლის კონკურენტებს აწყობთ და პრაქტიკულად თითიდან არის გამოწოვილი.

iPhone 4-ის მიმოხილვა, რატომ შევყოვნდით?

მეგობრებო, არ გეგონოთ რომ ან დამავიწყდა ან მეზარება მიმოხილვის გაგრძელება. უბრალოდ ორშაბათს როგორც იქნა ჩამოვიდა ჩემი აიფონ 4 და ეს ორი დღეა ინტენსიურად ვტესტავ. განსაკუთრებით სიგნალის კარგვის საკითხს. სიგნალს რაც შეეხება,

არ იკარგება, არა!

დანარჩენს ოდნავ მოგვიანებით მოგახსებთ.

iPhone 4-ის მიმოხილვა, ნაწილი მეორე

ვაგრძელებთ ჩვენს მიმოხილვას. ალბათ შეამჩნევდით, რომ საკმაოდ მცირე პორციებით ვწერ. რამდენიმე მიზეზია ამისათვის: ძალიან ცხელა, სამსახურში ვარ ძალიან დატვირთული, თანდათანობით ვეცნობი ტელეფონს, ვინაიდან ძალიან ბევრი სიახლეა და გამიზნული მაქვს მაქსიმალურად დეტალურად დავწერო ყველაფერი.

მაშასადამე განვაგრძოთ.

სიმ-ბარათი

ახალ აიფონში სიმ-ბარათი ზემოდან არ იდება, არამედ გვერდიდან. ამის გარდა სტივი რისი სტივია, რაიმე მაკვარანცხობა რომ არ მოეფიქრებინა. ჰოდა აიღო და ჩვეულებრივი სიმ-ბარათების მაგივრად ე.წ. მიკრო-სიმ ბარათები. სიმართლე გითხრათ, მატრაკვეცობაა და მეტი არაფერი. ნახევარ მსოფლიოს ახლა მოუწევს სასწრაფო წესით ამ სიმ-ბარათების დამზადება და შეძენა, ჩვენ ვიკითხოთ, თორემ იმათ რა უჭირთ? მე შენ გეტყვი და მაგთი, ჯეოსელი ან ბიალიანი ერთ ადგილს შეიწუხებენ, არიქა საქართველოში აიფონის მომხმარებლებს დავეხმაროთო! არ დაიჯეროთ. მე წინდაწინ დავიჭირე თადარიგი და ამაზონზე შევუკვეთე მიკრო-სიმის „ქათერი“, რომელსაც ორი ცალი მიკრო-სიმის ადაპტორი მოყვება (ეგ პირიქითაა საჭირო, როდესაც მიკრო-სიმ ბარათის ჩადება გჭირდება ჩვეულებრივი სიმის ჭრილში). სხვა მხრივ სიმის ჩასადები დიდად არ განსხვავედება ძველი მოდელებისაგან.

ეკრანი

აი რასაც ნაღდათ წუნს ვერ დაუდებ, ეს ეკრანია. Retina Displey იდეალურია. მკვეთრი, ნათელი ფერებით. რაც მთავარია, გამოსახულება იმდენად მკაფიოა, რომ მაგალიტად წიგნის კითხვისას სულ მიჩნდება შეგღძნება, რომ ფურცლიდან ვკითხულობ და არა ეკრანიდან. პიქსელების გარჩევა მართლა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში ჩემი თვალი ვერ არჩევს ნაღდათ.

აი ჩემი შეგრძნებები ახალი აიფონის ეკრანის პირველი დათვალიერების დროს: „მოიცა, ეკრანი ანათებს, როგორც ჩვეულებრივი, კი მაგრამ პიქსელები? სად არის პიქსელები? პიქსელები გამოუშვით, თქვე ფარჩ!..“ კხმ, უკაცრავად, გვერდითა განყოფილებიდან იყო ეს ფრაზა. განვაგრძოთ. ეკრანი და მისი დამცავი ზედა შუშა იმდენად ახლოა ერთმანეთთან, რომ ასე მგონია, თვითონ გამოსახულებას ვეხები.

ძალიან კარგად არის გაკეთებული სიკაშკაშის რეგულირება. სისტემა თვითონ ხვდება, როდის რა რეჟიმი გამოიყენოს. ხელით რეგულირება ჯერ-ჯერობით არ დამჭვირვებია.

პროგრამებს რაც შეეხება ეკრანის საკითხის ჭრილში. ის პროგრამები, რომელთა გადაწერა ჯერ ვერ მოასწრეს ავტორებმა, საკმაოდ ბუნდოვნად ჩანან. ხოლო აი სისტემური პროგრამები… აი უბრალოდ კამფეტია რა! განსაკუთრებით Safari! მოდით პატარა ნიმუშს გაჩვენებთ:

iPhone 4-ის მიმოხილვა, ნაწილი პირველი

მოკლედ, ცოტა კი დამიგვიანდა ამ მიმოხილვის მომზადება, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. ახლა რა ხდება. მე ჩემი პირადი აიფონი როგორც უკვე იცით შეკევთილი მაქვს და ლონდონიდან ნელი სვლით მოდით თბილისისაკენ. სამაგიეროდ ჩვენი ბლოგის და GeMUG-ის სპონსორი როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და გასულ კვირა დღეს გადმომცა iPhone 4-ი ტესტირებაზე. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია მაღაზია iphones.ge, რომელიც მდებარეობს ლესელიძის ქ. 53 ნომერში და მისი უცვლელი ხელმძღვანელია აკა ხუხაშვილი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას!

მოდით შევუდგეთ საქმეს და ვნახოთ, თუ რა ხილია ეს ახალი აიფონი, მართლა აქვს თუ არა ის „საშინელი“ ნაკლოვანებები, რომელზეც უცხოური ინტერნეტ-პრესა ამდენს გაჰყვირის, ხოლო ჩვენი ზოგიერთი პრაფანი ბრმად და უაზროდ იმეორებს. აქვე მინდა ავღნიშნო ერთი რამ. აკასთან როდესაც დავიწყე ურთიერთობა მიმოხილვების საკითხში, წინასწარვე ვთქვი, რომ თუ პროდუქტს ვუპოვნი ნაკლს, აუცილებლად დავწერდი. ანუ არ შემიძლია, არ მეხერხება ტყულის თქმა და ამით მკითხველის შეცდომაში შეყვანა. ჩემთვის ეს ფრიად მნიშვენოვანი საკითხია და არასოდეს არ გადავაბიჯებ ამ პრინციპს. შესაბამისად აუცილებლად მოგახსენებთ „ანტენაგეიტის“, ანუ სიგნალის კარგვის პრობლემის შესახებ დეტალურად.

მაგრამ მანამდე შევისაწვლოთ ახალი აიფონი და მისი ნაწილები:

კოლოფი

კოლოფი აკურატულადაა დამზადებული, როგორც ყოველთვის. მაღალი ხარისხის მუყაოსაგან. ძველი კოლოფებისაგან განსხვავდება ზომით და ფერით, ის თეთრია და შედარებით მომცრო ზომის. სიმართლე გითხრათ, ჩემი iPhone 2G-ის კოლოფი უფრო მომწონს. თანაც მე ეფლის პროდუქციის მომხმარებელთა იმ კატეორიას მივეკუთვნები, რომლებიც არ ყრიან კოლოფებს ნაგავში, არამედ სათუთად იანახავენ.

კოლოფს ქვედა მხარეზე ბლომად წარწერები აქვს, ტექნიკური ინფორმაციის მატარებელი. როგორც ყოველთვის შემკულია ვაშლის ლოგოთი და პროდუქტის დასახელების წარწერებით. აი ზემოდან გამოსახული აიფონი რა რაც ვერაა კარგად, არ მომეწონა. მაგრამ ჯანდაბას, ეს მხოლოდ კოლოფია, მეტი არაფერი. შევეშვათ მას და ვნახოთ რა დევს მის შიგნით.

შემცველობა ასეთია: ტელეფონი, რამოდენიმე ბროშურა (ინსტრუქციები და მისთანები), წებოვანი ვაშლის ლოგოები, სიმ ბარათის ამოსაძრობი საფირმო სკრეპი, დამტენი, სინქრონიზაციის (და ამავდროულად დამტენი) კაბელი და ყურსასმენები. სულ ესაა.

ტელეფონის კორპუსი

კორპუსი აბსოლუტურად განახლებულია, გექნებათ ნანახი ინტერნეტში უამრავ საიტზე. ჩემი პირველი შთაბეჭდილება: ჰმ, საინტერესოა! მერე, ხელში კარგად რომ მოვირგე და რამოდენიმე საათის განმავლობაში სკურპულოზურად ვატესტირე გამოვიტანე მარტივი დასკვნა — ეფლი როგორც ყოველთვის მაგარია! მე ამ სამი წლის განმავლობაში საკმაოდ მომბეზრდა აიფონის ეს მომრგვალებული ფორმები, მინდოდა რაიმე სრულიად ახალი. ჰოდა სტივმაც არ დააყოვნა და თხოვნა შემისრულა! :) კორპუსი უფრო თხელია, ვიდრე ძველი მოდელები და საერთოდ სოლიდური შესახედაობა გააჩნია. კოპრუსი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: შუშის ეკრანი, ასევე შუშის ქვედა ნაწილი და ლითონის სალტე, რომელიც ერთდროულად კარკასიცაა და ანტენაც (დიახ, სწორედ ის ყბადაღებული ანტენა!). შუშა ახალ აიფონში სპეციალურია და დარტყმაგამძლეა, თუმცა მაინცადამაინც ნუ ეცდებით, რომ მანქანის ზემოდან გადავლას გაუძლოს :) კოპრუსზე გვერდიდან განთავსებულია ხმის რეგულირების ორი ღილაკი, ნაცვლად ძველ მოდელებში არსებული ქანქარა გადამრთველისა. ხმის გამორთვის ღილაკიც ოდნავ დაპატარავებულია. წყველა აპარატურული ღილაკის დაჭერას მცირედი ძალისხმევა სჭირდება, რაც კარგია. ალბათობა იმისა, რომ ჯიბეში შემთხვევით დაგეჭირებათ, ნულისაკენ მიისწრაფის.

მაგრამ სიახლე არის არა მარტო გარეგან სახეში. აპარატის შიგნითაც ბლომად ნახავთ (არა, თქვენ ვერ ნახავთ და არც გირჩევთ რომ დაშალოთ აიფონი. დიდი ალბათობაა, რომ დეტალები დაგრჩეთ :) ) სიახლეებს. ცნობისათვის, ეს ეფლის პირველი სმარტფონია, რომელიც საკუთარი წარმოების A4 პროცესორითაა აღჭურვილი. იგივე პროცესორი გამოიყენება iPad-შიც. პროცესორის სიხშირეა 1 გიგაჰერცი. როგორ არ უნდა გავიხსენო ამ შემთხვევაში, რომ ჩემს პირველ კომპიუტერს, რომელიც შორეულ 1999 წელს ვიყიდე, ჰქონდა 500 მეგაჰერციანი Pentium III პროცესორი (ჰო, მაკებისადმი ტრფობა აკვნიდან არ დამყოლია, მეც ოდესღაც ვინდოზავრი ვიყავი :) ). ტელეფონის ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 512 მეგაბაიტს, ფრიად კარგი მაჩვენებელია. რაც შეეხება მუდმივ მეხსიერებას, სადაც ინახება პროგრამები, მუსიკა, ფილემბი და ა.შ., ის გახლავთ 16 ან 32 გბაიტი.

სახეცვლილმა კორპუსმა ეფლს შესაძლებლობა მისცა დაეყენებინა უფრო დიდი ზომის და მოცულობის აკუმულატორი. შედეგად მიღწეულია მთავარი: ერთი დამუხტვით მუშაობის ხანგძლივობის ზრდა. მაგალითისათვის მოგიყვანთ, რომ მე 24 საათის განმავლობაში მეყო ტელეფონის მუხტი და არ ჩამირთავს დასატენად, თუმცა ექსტრემალურ პირობებში ვტესტავდი: მუდმივად ჩართული Wi-Fi, რამოდენიმე მძიმე თამაშის კარგა ბლომად გავლა. ვებ-ბრაუზინგი, მუსკია მოსმენა, YouTube-ი და ა.შ. ვფიქრობ, ჩველებრივად სატგებლობის პირობებში 2-3 დღე უნდა ეყოს მუხტი ტელეფონს. ეს დამაკმაყოფილებელი მოცულობაა, ჩემი აზრით.

მაგრამ! ამ ყველაფრის გარდა და კიდევ უამრავი სიახლის გარდაც, რომლებზეც ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, ტელეფონს აქვს 2 ვიდეოკამერა, თანაც ძალიან კარგები: 5 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 1,3 მეგაპიქსელიანი წინა მხრიდან, ვიდეოზარების განსახორციელებლად. ასევე პირველად აიფონში ეფლმა დაამატა მეორე მიკროფონი, რომელიც საშუალებას გვაძლევს უკეთ გავაგონოთ აბონენტს ჩვენი ხმა. ტელეფონს აქვს გიროსკოპი, განათების სენსორი და სიახლოვის სენსორი. რაღათქმუნდა AGPS ჩიპი თანამგზავრული სიგნალის მისაღებად და ციფრული კომპასი.

ოღონდ ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ მიმოხილვის მეორე ნაწილში…

(გაგრძელება იქნება)

iPhone 4-ის ტესტირება

მეგობრებო,

დღეს მივიღე ტესტირებაზე iPhone 4 აკა ხუხაშვილისაგან, რომლის მაღაზიაც მდებარეობს ლესელიძის 53 ნომერში. ხვალ საღამოს შემოგთავაზებთ ტესტირების შედეგებს.

iPhone 4 Review
iPhone 4 Review

MacBook Pro Intel Core i7-ის მიმოხილვა

ამ მიმოხილვის დაწერად დიდი ხანია ვაპირებდი. მაგრამ ხან რამ შემიშალა ხელი და ხან — რამ. ორი კვირის წინ თითქმის უკვე გამზადებული ვიყავი სპონსორთან მისასვლელად და ამ კომპიუტერის წამოსაღებად, მაგრამ სასწრაფო საქმეებმა შემიშალა ხელი. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა და აი უკვე მესამე დღეა ჩემი დროებით ნათხოვარ MacBook Pro Intel Core i7-ზე ვაკეთებ ყოველდღიურ სამუშაოს. წინასწარ ასევე უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემი კუთვნილი MacBook Pro არის 2008 წლის გამოშვება, Intel Core2Duo 2,4 გჰც პროცესორით, 2 გბაიტი ოპერატიული მეხსიერებით, 256 მბაიტიანი NVIDIA GeForce 8600M GT ვიდეო ბარათით და 200 გიგაბაიტი SATA 5400 ბრ/წთ ხისტი დისკით (უფრო დეტალური სპეციფიკაცია იხილეთ აქ). რა მივიღე მე ტესტირებაზე? ოოო, დიდებული მოდელი: პროცესორი Intel Core i7, 4 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება, NVIDIA GeForce GT 330M  ვიდეო ბარათი 512 მბაიტი მეხსიერებით და 500 გბაიტიანი ხისტი დისკით (უფრო დეტალური სპეციფიკაცია იხილეთ აქ).

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი მიმოხილვის სპონსორია Apple-ის პროდუქციის რეალიზატორი კომპანია iPhones.ge, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ აკა ხუხაშვილი და აღნიშნული კომპანია განთავსებულია ლესელიძის 53 ნომერში, სადაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ და შეარჩიოთ ძალიან ბევრი რამ კარგ ფასად.

ჩემი მაკბუქ პრო უკვე მოძველდა, ორი წელი სახუმარო საქმე არ გახლავთ. თუმცა კვლავაც ძალიან კარგად მუშაობს, ვერფერს ვიტყვი ცუდს მასზე. მოძველდა რომ ვიძახი, მორალურ სიძველეს ვგულისხმობ. ვინაიდან ტექნიკური პროგრესი ადგილზე არ დგას და სულ ვითარდება. ამ ორი წლის განმავლობაში მაკებში და ზოგადად კომპიუტერებში შეიცვალა პროცესორების თაობა, გაორმაგდა ოპერატიული მეხსიერების ოდენობა, ასევე ხისტი დისკების მოცულობამაც იმატა საგრძნობლად. მე კი ჩემი ძველი მაკით ოდნავ ჩამოვრჩები ამ ყველაფერს, თუმცა ჯერ-ჯერობით სხვა სტრატეგიული ხარჯებიდან გამომდინარე არ ვჩქარობ ძირითადი სამუშაო კომპიუტერის განახლებას. დავიცდი კიდევ ორიოდე წელი, შედეგად უკვე საფუძვლიანად მოძველებული კომპიუტერის მაგივრად ახლის ყიდვა გამართლებული იქნება ნებისმიერი ასპექტის გათვალისწინებით. მაგრამ მოდი დავურბრუნდეთ ჩვენს ძირითად საკითხს.

უნდა ითქვას, რომ Apple-ს კარგა ხანი დასჭირდა, სანამ წარმოებული კომპიუტრებიდან მთლიანად ამოიღებდა Core2Duo პროცესორებს. დადიოდა ხმები, თითქოს i5/i7 პროცესორებიან ნოუთბუკებს არ უშვებდნენ ამ უკანასკნელთა დიდი დეფიციტის გამო. მაგრამ აი დადგა 2010 წლის აპრილი, ინტელმა როგორც იქნა შეძლო ეფლისათვის საკმარისი რაოდენობის პროცესორების მიწოდება და 13 აპრილს Apple-მა გვაუწყა ახალი Macbook Pro-ს არსებობის შესახებ, რომლებიც i5/i7 პროცესორებზეა დაფუძნებული.

კორპუსი

როგორც პირველი თაობის Unibody, აქაც ყველაფერი ისევეა — კორპუსი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ალუმინის ერთიანი ნაჭრისაგან გამოჩარხული, ის არაჩვეულებრივად გამოიყურება! ჩემს ძველ ნოუთბუკთან შედარებით ახალი კორპუსი გაცილებით უკეთესია. რად ღირს თუნდაც ის, რომ ნოუთბუკის თავსახურს აღარ აქვს ჩამკეტი მექანიზმი. საკმარისია ოდნავ წამოწიოთ თავსახური და ის გაიხსნება. მარტივი და იოლი გადაწყვეტაა.

კლავიატურა

აქაც არაჩვეულებრივი უკეთესობაა აშკარად. ძველისაგან განსხვავებით, ახალ კლავიატურაში თითოეული კლავიში ცალ-ცალკე არის განთავსებული. ჩემთვის ეს განსაკუთრებულად მნჲშვნელოვანია: დიდი ხელიების გამო ხშირად მეჭირება რამოდენიმე კლავიშზე ერთდროულად (და ეს მარტო მაკს არ ეხება — ნებისმიერ კლავიატურაზე). ახალ ნოუთბუკში ასეთი რამ არ მომსვლია, რაც უთუოდ მახარებს.

ტაქტილური შეგრძნებით კლავიატურა გაცილებით უფრო რბილი გახდა, იკლო კლავიშზე დაჭერისას ხმამ.

ეკრანი

ამ ახალი მოდელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ის გახლავთ, რომ პრიალა ეკრანის მაგივრად შეგიძლიათ შეუკვეთოთ გლუვი ეკრანი. ჩემს მოდელს პრიალა ჰქონდა, სიმართლე გითხრათ აქამდე არც კი მიმუშავია ასეთი ტიპის ეკრანთან, რაც ერთგვარად საინტერესოც კი იყო. ეკრანს წუნი არ დაედება, არაჩვეულებრივად ხასხასა და მკვეთრი ფერებია. ძალიან სასიამოვნო სამუშაო აღმოჩნდა. ასე რომ როცა დადგება დრო ახალი მოდელის შეძენისა, მომიწევს დილემის წინაშე დადგომა — გლუვი თუ პრიალა ეკრანი.

და სერთოდ ახალი MBP-ს ეკრანის ხარისხის შესახებ — პრინციპში უკეთესიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, განსაკუთრებით iPad-თან შედარებით. ამ უკანასკნელში ჩაყენებულია IPS-მატრიცა, რომელიც უზრუნველყოფს საუცხოო გამოსახულებას. ხოლო MBP-ში მატრიცა ოდნავ უფრო მარტივია, TN-ი. მიუხედავად ამისა, ის ჩემს მოდელზე გაცილებით უკეთესია, ფაქტობრივად ცა და დედამიწა.

სხვათაშორის, თუ შეუკვეთავთ გლუვ ეკრანიან მოდელს, არ დაგავიწყდეთ, რომ მას ეკრანის გარშემო ჩარჩო არა შავი ფერის, არამედ ალუმინისა აქვს. პრინციპში შავ ჩარჩოიანი პრიალა ეკრანი უფრო ლამაზად გამოიყურება.

ბატარეა

ჩემს ძველ MBP-ში ერთ-ერთი რაც მაკლდა დცა მაკლია, არის ავტონომიური მუშაობის დიდი დრო. აკუმულატორი არ არის ძალიან მძლავრი. დაახლოებით 2,5 საათი მიძლებს, ხოლო თუ Bluetooth-სა და Wi-Fi-საც გავთიშავ — უფრო მეტიც. შესაბამისად, როდეასაც Apple-მა გამოაცხადა, რომ ახალი მოდელის აკუმულატორი 9 საათი იმუშავებდა, ძალიან გამიხარდა და ცოტა დავეჭვდი კიდევაც. ვიფიქრე, სარეკლამო ფანდი ხომ არ არის-მეთქი. მართალია 9 საათი არ მიმიღია ტესტირების შედეგად, მაგრამ კომპიუტერმა პატიოსნად იმუშავა 6 საათი ავტონომიურ რეჟიმში, ყველა არსებული უსადენო ქსელების გამორთვის გარეშე. მოკლედ, მე კმაყოფილი ვარ ფრიად.

Windows

მე სამსახურებრივი მიზნებისათვის მეორე სისტემად სახლის კომპიუტრეზე Windows-ი მიყენია. და კიდევ ხანდახან რომ ვითამაშო რაიმე ძველი თამაში (ბოლო პერიოდში ჩემი საყვარელი თამაშები ავტორების მიერ უკვე პორტირებულია მაკზე. შესაბამისად მალე დადგება დრო, როდესაც სათამაშოდ ვინდოუსი აღარ დამჭირდება). ტესტირებისათვის ახალ კომპიუტერშიც „ჩავტენე“ Windows 7. უნდა გითხრათ, რომ შედეგებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. სიისტემა დადგა უპორბლემოდ და სუბიექტური შეგრძნებით ძალიან კარგი წარმადობა აჩვენა. ამას თუ დავუმატებთ მაკის მაღალგარჩევად ეკრანს (რომელიც ასე მაკლია სამსახურის ნოუთბუკზე), მივიღებთ ძალიან კარგი PC-პლათფორმას. მოკლედ, თუ თქვენ არ ხართ მაკის მოყვარული, მაგრამ გსურთ მაღალსიჩქარიანი სისტემა და თანაც ხარისხიანად აწყობილი, გირჩევთ ამ ნოუთბუკის შეძენას. ნამდვილად არ ინანებთ.

წარმადობა

წარმადობა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ახალი ნოუთბუკის შეძენისას. სიხშირის მიხედვით ძველი და ახალი მოდელები დიდად არ განსხვავდებიან (2.4 გჰც ძველში, 2.66 გჰც — ახალში). რეალური და ვირტუალური ბირთვების რაოდენობა, კეშ-მეხსიერების მოცულობა, სისტემური სალტეს სიხშირე — ყველა ამ ფაქტორის მაჩვენებელი გაზრდილია ახალ მოდელში, რაც რეალურად ძალიან სწრაფს ხდის ამ ახალ ნოუთბუკს.

გაცხელება

როგორც კი გამოვიდა აღნიშნული მოდელი, ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის საკმაოდ მძლავრად ცხელდებოდა. მოგახსენებთ, რომ სამდღიანი ექსპლუატაციის შედეგად საკმაოდ რთულ პირობებში (თბილისში ძალიან ცხელოდა, ოთაში სადაც ვატარებდი ტესტირებას, კონდენციონერის გარეშეა), არ დაფიქსირებულა იმაზე უფრო მეტი ტემპერატურა კომპიუტერში, ვიდრე ეს არის ჩემს ძველ მოდელში. ასე რომ შეგიძლიათ ამაზე არ ინერვიულოთ.

სიამოვნო სიახლე, რომელიც არის ამ მოდელში და არ არის მის წინა unibody-მოდელში — ეს გახლავთ ვიდეობარათებს შორის ავტომატური გადართვის რეჟიმი. ახალ ნოუთბუკში ორი ვიდეო ბარათია — Intel HD Graphics (ინეტგრირებული, რომელიც მსუბუქი ამოცანების შესარულებლად საკმარისია და რომელიც ოპერატიულ მეხსიერებას მოიხმარს) და Nvidia GeForce GT330M — მძლავრი ვიდეოპროცესორი, რომელიც რთულ გრაფიკულ ამოცანებს (თამაშებიდ ვტვირთავდი მე) უპრობლემოდ ასრულებს და გააჩნია საკუთარი, ავტონომიური მეხსიერება 512 მბაიტის სახით.

დასკვნა

ახალი Macbook Pro 15” ძალიან კარგი, დაბალანსებული და სწრაფი კომპიუტერია. სიამოვნებით შევიძენდი თუნდაც ახლა ჩემი ძველი ნოუთბუკისს ანაცვლოდ, მაგრამ iPhone 4-ის შეძენის გამო ამ ეტაპზე თავი უნდა შევიკავო. თუმცა ოდესმე აუცილებლად შევიძენ და თქვენც ამას გირჩევთ!

დიდი მადლობა ყურადღებისათვის.