MacBook Pro Intel Core i7-ის მიმოხილვა

ამ მიმოხილვის დაწერად დიდი ხანია ვაპირებდი. მაგრამ ხან რამ შემიშალა ხელი და ხან — რამ. ორი კვირის წინ თითქმის უკვე გამზადებული ვიყავი სპონსორთან მისასვლელად და ამ კომპიუტერის წამოსაღებად, მაგრამ სასწრაფო საქმეებმა შემიშალა ხელი. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა და აი უკვე მესამე დღეა ჩემი დროებით ნათხოვარ MacBook Pro Intel Core i7-ზე ვაკეთებ ყოველდღიურ სამუშაოს. წინასწარ ასევე უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემი კუთვნილი MacBook Pro არის 2008 წლის გამოშვება, Intel Core2Duo 2,4 გჰც პროცესორით, 2 გბაიტი ოპერატიული მეხსიერებით, 256 მბაიტიანი NVIDIA GeForce 8600M GT ვიდეო ბარათით და 200 გიგაბაიტი SATA 5400 ბრ/წთ ხისტი დისკით (უფრო დეტალური სპეციფიკაცია იხილეთ აქ). რა მივიღე მე ტესტირებაზე? ოოო, დიდებული მოდელი: პროცესორი Intel Core i7, 4 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება, NVIDIA GeForce GT 330M  ვიდეო ბარათი 512 მბაიტი მეხსიერებით და 500 გბაიტიანი ხისტი დისკით (უფრო დეტალური სპეციფიკაცია იხილეთ აქ).

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი მიმოხილვის სპონსორია Apple-ის პროდუქციის რეალიზატორი კომპანია iPhones.ge, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ აკა ხუხაშვილი და აღნიშნული კომპანია განთავსებულია ლესელიძის 53 ნომერში, სადაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ და შეარჩიოთ ძალიან ბევრი რამ კარგ ფასად.

ჩემი მაკბუქ პრო უკვე მოძველდა, ორი წელი სახუმარო საქმე არ გახლავთ. თუმცა კვლავაც ძალიან კარგად მუშაობს, ვერფერს ვიტყვი ცუდს მასზე. მოძველდა რომ ვიძახი, მორალურ სიძველეს ვგულისხმობ. ვინაიდან ტექნიკური პროგრესი ადგილზე არ დგას და სულ ვითარდება. ამ ორი წლის განმავლობაში მაკებში და ზოგადად კომპიუტერებში შეიცვალა პროცესორების თაობა, გაორმაგდა ოპერატიული მეხსიერების ოდენობა, ასევე ხისტი დისკების მოცულობამაც იმატა საგრძნობლად. მე კი ჩემი ძველი მაკით ოდნავ ჩამოვრჩები ამ ყველაფერს, თუმცა ჯერ-ჯერობით სხვა სტრატეგიული ხარჯებიდან გამომდინარე არ ვჩქარობ ძირითადი სამუშაო კომპიუტერის განახლებას. დავიცდი კიდევ ორიოდე წელი, შედეგად უკვე საფუძვლიანად მოძველებული კომპიუტერის მაგივრად ახლის ყიდვა გამართლებული იქნება ნებისმიერი ასპექტის გათვალისწინებით. მაგრამ მოდი დავურბრუნდეთ ჩვენს ძირითად საკითხს.

უნდა ითქვას, რომ Apple-ს კარგა ხანი დასჭირდა, სანამ წარმოებული კომპიუტრებიდან მთლიანად ამოიღებდა Core2Duo პროცესორებს. დადიოდა ხმები, თითქოს i5/i7 პროცესორებიან ნოუთბუკებს არ უშვებდნენ ამ უკანასკნელთა დიდი დეფიციტის გამო. მაგრამ აი დადგა 2010 წლის აპრილი, ინტელმა როგორც იქნა შეძლო ეფლისათვის საკმარისი რაოდენობის პროცესორების მიწოდება და 13 აპრილს Apple-მა გვაუწყა ახალი Macbook Pro-ს არსებობის შესახებ, რომლებიც i5/i7 პროცესორებზეა დაფუძნებული.

კორპუსი

როგორც პირველი თაობის Unibody, აქაც ყველაფერი ისევეა — კორპუსი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ალუმინის ერთიანი ნაჭრისაგან გამოჩარხული, ის არაჩვეულებრივად გამოიყურება! ჩემს ძველ ნოუთბუკთან შედარებით ახალი კორპუსი გაცილებით უკეთესია. რად ღირს თუნდაც ის, რომ ნოუთბუკის თავსახურს აღარ აქვს ჩამკეტი მექანიზმი. საკმარისია ოდნავ წამოწიოთ თავსახური და ის გაიხსნება. მარტივი და იოლი გადაწყვეტაა.

კლავიატურა

აქაც არაჩვეულებრივი უკეთესობაა აშკარად. ძველისაგან განსხვავებით, ახალ კლავიატურაში თითოეული კლავიში ცალ-ცალკე არის განთავსებული. ჩემთვის ეს განსაკუთრებულად მნჲშვნელოვანია: დიდი ხელიების გამო ხშირად მეჭირება რამოდენიმე კლავიშზე ერთდროულად (და ეს მარტო მაკს არ ეხება — ნებისმიერ კლავიატურაზე). ახალ ნოუთბუკში ასეთი რამ არ მომსვლია, რაც უთუოდ მახარებს.

ტაქტილური შეგრძნებით კლავიატურა გაცილებით უფრო რბილი გახდა, იკლო კლავიშზე დაჭერისას ხმამ.

ეკრანი

ამ ახალი მოდელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ის გახლავთ, რომ პრიალა ეკრანის მაგივრად შეგიძლიათ შეუკვეთოთ გლუვი ეკრანი. ჩემს მოდელს პრიალა ჰქონდა, სიმართლე გითხრათ აქამდე არც კი მიმუშავია ასეთი ტიპის ეკრანთან, რაც ერთგვარად საინტერესოც კი იყო. ეკრანს წუნი არ დაედება, არაჩვეულებრივად ხასხასა და მკვეთრი ფერებია. ძალიან სასიამოვნო სამუშაო აღმოჩნდა. ასე რომ როცა დადგება დრო ახალი მოდელის შეძენისა, მომიწევს დილემის წინაშე დადგომა — გლუვი თუ პრიალა ეკრანი.

და სერთოდ ახალი MBP-ს ეკრანის ხარისხის შესახებ — პრინციპში უკეთესიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, განსაკუთრებით iPad-თან შედარებით. ამ უკანასკნელში ჩაყენებულია IPS-მატრიცა, რომელიც უზრუნველყოფს საუცხოო გამოსახულებას. ხოლო MBP-ში მატრიცა ოდნავ უფრო მარტივია, TN-ი. მიუხედავად ამისა, ის ჩემს მოდელზე გაცილებით უკეთესია, ფაქტობრივად ცა და დედამიწა.

სხვათაშორის, თუ შეუკვეთავთ გლუვ ეკრანიან მოდელს, არ დაგავიწყდეთ, რომ მას ეკრანის გარშემო ჩარჩო არა შავი ფერის, არამედ ალუმინისა აქვს. პრინციპში შავ ჩარჩოიანი პრიალა ეკრანი უფრო ლამაზად გამოიყურება.

ბატარეა

ჩემს ძველ MBP-ში ერთ-ერთი რაც მაკლდა დცა მაკლია, არის ავტონომიური მუშაობის დიდი დრო. აკუმულატორი არ არის ძალიან მძლავრი. დაახლოებით 2,5 საათი მიძლებს, ხოლო თუ Bluetooth-სა და Wi-Fi-საც გავთიშავ — უფრო მეტიც. შესაბამისად, როდეასაც Apple-მა გამოაცხადა, რომ ახალი მოდელის აკუმულატორი 9 საათი იმუშავებდა, ძალიან გამიხარდა და ცოტა დავეჭვდი კიდევაც. ვიფიქრე, სარეკლამო ფანდი ხომ არ არის-მეთქი. მართალია 9 საათი არ მიმიღია ტესტირების შედეგად, მაგრამ კომპიუტერმა პატიოსნად იმუშავა 6 საათი ავტონომიურ რეჟიმში, ყველა არსებული უსადენო ქსელების გამორთვის გარეშე. მოკლედ, მე კმაყოფილი ვარ ფრიად.

Windows

მე სამსახურებრივი მიზნებისათვის მეორე სისტემად სახლის კომპიუტრეზე Windows-ი მიყენია. და კიდევ ხანდახან რომ ვითამაშო რაიმე ძველი თამაში (ბოლო პერიოდში ჩემი საყვარელი თამაშები ავტორების მიერ უკვე პორტირებულია მაკზე. შესაბამისად მალე დადგება დრო, როდესაც სათამაშოდ ვინდოუსი აღარ დამჭირდება). ტესტირებისათვის ახალ კომპიუტერშიც „ჩავტენე“ Windows 7. უნდა გითხრათ, რომ შედეგებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. სიისტემა დადგა უპორბლემოდ და სუბიექტური შეგრძნებით ძალიან კარგი წარმადობა აჩვენა. ამას თუ დავუმატებთ მაკის მაღალგარჩევად ეკრანს (რომელიც ასე მაკლია სამსახურის ნოუთბუკზე), მივიღებთ ძალიან კარგი PC-პლათფორმას. მოკლედ, თუ თქვენ არ ხართ მაკის მოყვარული, მაგრამ გსურთ მაღალსიჩქარიანი სისტემა და თანაც ხარისხიანად აწყობილი, გირჩევთ ამ ნოუთბუკის შეძენას. ნამდვილად არ ინანებთ.

წარმადობა

წარმადობა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ ახალი ნოუთბუკის შეძენისას. სიხშირის მიხედვით ძველი და ახალი მოდელები დიდად არ განსხვავდებიან (2.4 გჰც ძველში, 2.66 გჰც — ახალში). რეალური და ვირტუალური ბირთვების რაოდენობა, კეშ-მეხსიერების მოცულობა, სისტემური სალტეს სიხშირე — ყველა ამ ფაქტორის მაჩვენებელი გაზრდილია ახალ მოდელში, რაც რეალურად ძალიან სწრაფს ხდის ამ ახალ ნოუთბუკს.

გაცხელება

როგორც კი გამოვიდა აღნიშნული მოდელი, ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის საკმაოდ მძლავრად ცხელდებოდა. მოგახსენებთ, რომ სამდღიანი ექსპლუატაციის შედეგად საკმაოდ რთულ პირობებში (თბილისში ძალიან ცხელოდა, ოთაში სადაც ვატარებდი ტესტირებას, კონდენციონერის გარეშეა), არ დაფიქსირებულა იმაზე უფრო მეტი ტემპერატურა კომპიუტერში, ვიდრე ეს არის ჩემს ძველ მოდელში. ასე რომ შეგიძლიათ ამაზე არ ინერვიულოთ.

სიამოვნო სიახლე, რომელიც არის ამ მოდელში და არ არის მის წინა unibody-მოდელში — ეს გახლავთ ვიდეობარათებს შორის ავტომატური გადართვის რეჟიმი. ახალ ნოუთბუკში ორი ვიდეო ბარათია — Intel HD Graphics (ინეტგრირებული, რომელიც მსუბუქი ამოცანების შესარულებლად საკმარისია და რომელიც ოპერატიულ მეხსიერებას მოიხმარს) და Nvidia GeForce GT330M — მძლავრი ვიდეოპროცესორი, რომელიც რთულ გრაფიკულ ამოცანებს (თამაშებიდ ვტვირთავდი მე) უპრობლემოდ ასრულებს და გააჩნია საკუთარი, ავტონომიური მეხსიერება 512 მბაიტის სახით.

დასკვნა

ახალი Macbook Pro 15” ძალიან კარგი, დაბალანსებული და სწრაფი კომპიუტერია. სიამოვნებით შევიძენდი თუნდაც ახლა ჩემი ძველი ნოუთბუკისს ანაცვლოდ, მაგრამ iPhone 4-ის შეძენის გამო ამ ეტაპზე თავი უნდა შევიკავო. თუმცა ოდესმე აუცილებლად შევიძენ და თქვენც ამას გირჩევთ!

დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

ახალი Macbook Pro-ს მიმოხილვა

მეგობრებო,

დღეს ჩემმა მეგობარმა და ჩვენი ეფლისტების ორგანიზაციის სპონსორმა აკა ხუხუაშვილმა, რომლის მაღაზია განთავსებულია ლესელიძის 53 ნომერში, ტესტირებისათვის გამომცა ამასწინათ გამოშვებული ახალი Macbook Pro Intel Core i7 პროცესორით.

ახლა ამ მცირე პოსტს ზუსტად ამ კომპიუტერიდან ვწერ.  ამ კვირის ბოლოს შემოგთავაზებთ სრულფასოვან მიმოხილვას ამ ნოუთბუკის შესახებ.

P.S. ჰო, არ დაგავიწყდეთ, რომ სანამ ჩემი ახალი iPhone 4-ი ჩამოაღწევს ლონდონიდან, მანამდე აკა ტესტირებისათვის გადმომცემს აღნიშნულ ტელეფონს. შემდეგ კვირაში იხილეთ პირველი ქართული მიმოხილვა iPhone 4-ის შესახებ!

დარჩით ჩვენთან ;)

Macbook Pro Review
Macbook Pro Review

ჩემი ახალი Macbook Pro!

ჩამოვიდა!

როგორც იქნა ჩამოვიდა ჩემი ახალი, რომ იტყვიან, „ზიზია“ Macbook Pro!

წესით, ჯერ კიდევ 14 ივნისს უნდა მქონოდა. მაგრამ გარემოებათა გამო ეს ვერ მოხრეხდა. არაუშავს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! თანაც, ერთი მარტივი, მაგრამ საინტერესო ფანდით მოხერხდა ტექნიკის შეძენა
Amazon.com-ზე, მერე მისი თბილისში ჩამობრძანება და როგორც წესი და რიგია, განბაჟება. მართალია, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სამწუხარო ამბების გამო ტვირთის ჩამოსვლამ ერთი კვირით დაიგვიანა (ელემენტარულად ყველა რეისი შეჩერდა, გარდა განსაკუთრებულებისა), მაგრამ ამასაც გავუძელით ოლიმპიური სიმშვიდით და ეხლა ზუსტად ახალი კომპიუტერიდან ვწერ ამ სტრიქონებს. ერთი შემიძლია ვთქვა, ჩვენი საბაჟო გასაყრელია დედა-ბუდიანად! მთელი დღე დავკარგე განბაჟებაზე! ვიღაცა ვიგინდარა ხელქვეითის გამო! კარგ, კანდაბას მაგისი თავი და ტანი!

მოკლედ, დღეიდან ბლოგი ისევ იწყებს ფუნქციონირებას. კვლავინდებურად ყოველდღიურად შემოგთავაზებთ სიახლეებს ვაშლოვანის ნაკრძალიდან. ამასთან ერთად ამ მცირე სტატიით საფუძველს ვუყრი ახალ მიმართულებას – ყოველდღიურად დავწერ, თუ როგორ, რაში და რანაირად ვიყენებ ახალ Macbook Pro-ს. შევეცდები დეტალურად ავღწერო სასარგებლო და აუცილებელი პროგრამები, ოს-ის საკუთარი თავისათვის მორგების ხრიკები და სხვა მრავალი.

როგორც ღირსი სტეფანე იტყვის: Stay Tuned! :)

MacBook Pro იცვლება?

ტაივანურმა ვებ-საიტმა Apple.pro გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც, თუ დავუჯერებთ, გამოსახულია მომავალი MacBook Pro-ს კორპუსი. მიმდინარე MacBook Pro არ შეცვლილა 2003 წლიდან.

თუ ფოტო ნამდვილია, MacBook Pro მიიღებს კორპუსს MacBok Air-ის სტილში — უფრო თხელი კიდეებით.

დაველოდოთ, თუ როდის განაახლებს Apple-ი თავის პორტატულ კომპიუტერებს.

წყარო: MacRumors

ანალიტიკოსები WWDC-ის მოლოდინში

ქსელში არ წყდება მომავალ WWDC კონფერენციასთან დაკავშირებული ხმაური, მრავლდება ჭორები და კეთდება პროგნოზები.

Piper Jaffray–ის ანალიტიკოსებმა მორიგი მოსაზრება გამოთქვეს. ისინი სთვლიან, რომ არსებობს MacBook და MacBook Pro ნოუთბუქების ახალი მოდელების პრეზენტაციის მაღალი ალბათობა, ასევე ელიან დამატებების ონლაინ–მაღზიის Apple Store–ის და საოპერაციო სისტემის OS X iPhone–ის ახალ ვერსიებს.

რა უნდა გავაკეთოთ ახალი მაკის ყიდვის შემდეგ?

თქვენ მაკის ახალი მომხმარებელი ხართ! გილოცავთ! კარგი შენაძენია. ეს შეიძება იყოს Macbook Pro, iMac-ი ან Mac Mini — არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ ის თქვენ გაქვთ და თქვენ უკვე გახდით ჩვენი საზოგადოების წევრი. რა უნდა გააკეთოთ პირველად?

1. გაუშვით პროგრამების განახლება. როდესაც ყიდულობთ Mac-ს, უცნობია, რამდენი ხანი იმყოფებოდა იგი მაღაზიაში. შესაძლოა, რომ ამ ხნის განმავლობაში Apple-მა გამოუშვა რამდენიმე განახლება. განახლებისათვის Apple-ის მენიუში () აირჩიეთ Software Update-ი. გაითვალისწინეთ, რომ ვინაიდან ყველა განახლება ქსელიდან იტვირთება, ჯერ აუცილებელია ინტერნეტ-კავშირის დამყარება.

2. შეცვალეთ დოკის (Dock) ზომა და მდებარეობა. ნაგულისხმევად, Apple-ი დოკს ათავსებს ეკრანის ქვედა კიდეზე, თუმცა შესაძლებელია მისი განთავსება მარცხნივ ან მარჯვნივ. ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ მის მიერ დაკავებული ადგილის ზომა. ბევრი საერთოდ ირჩევს დოკის ავტომატური დამალვის რეჟიმს, როდესაც ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩანს, როდესაც მაუსის მიმთითებელს დაუმიზნებთ. შესაბამისი პარამეტრები შეგიძიათ იხილოთ System Preferences → Dock-ში

3. დაამატეთ მაუსის მარჯვენა დაწკაპუნება თაჩპედისათვის. Apple-ს ხშირად აკრიტიკებენ ერთღილაკიანი თაგუების და თაჩპედების გამოშვებისათვის, მაგრამ იცით თუ არა, რომ კვლავ შეგიძიათ მეორე ღილაკის გამოყენება? თუ თქვენ გაქვთ Macbook-ი ან Macbook Pro, გადადით სისტემურ პარამეტრებში System Preferences → Keyboard and Mouse → Trackpad და ჩართეთ თოლია “Tap trackpad with two fingers for secondary click”. ახალ iMaс-ში ან Mac Pro-ში უნდა გადახვიდეთ System Preferences → Keyboard and Mouse → Mouse და ჩამოშლად სიაში აირჩიოთ Seconday Button.

4. გახდით ინტერნეტის სრულფასოვანი მოქალაქე. Safari შესაძლებლობას გაძლევთ იმუშაოთ საიტების უმეტესობასთან, მაგრამ ვინაიდან Windows-იანი კომპიუტერები უმრავლესობაშია, შეიძება წააწყდეთ ზოგიერთ პრობლემას. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ — გადმოქაჩოთ და დააყენოთ Flip4Mac, ჩადგმა Windows Media ფორმატის ფაილების დასაკრავად.

5. გააკეთეთ პორტატული კომპიუტერის აკუმულატორის დაკალიბრება. ეს რჩევა პირდაპირ ეხება Macbook-ის, Macbook Pro-ს მფლობელებს. Apple-ი გვირჩევს დავაკალიბროთ აკუმულატორი მოხმარების პირველსავე კვირას, ხოლო შემდგომ ყოველ ორ თვეში ერთხელ. აუცილებელი სახელმძღვანელო განთავსებულია Apple-ის ოფიციალურ საიტზე. ამასთან ერთად გირჩევთ ისარგებლოთ უფასო სამარჯვით Coconut-Flavour, რომელიც თვალს ადევნებს აკუმულატორის მუშაობას.