ბლოგის ხელახალი გაცოცხლება

მოგესალმებით, მეგობრებო.

როგორც ერთხელ უკვე ვთქვი სტატიაში, თუ ამ ბლოგს მკითხველი [მომკითხველი] კიდევ ყავს, ის აუცილებლად შეამჩნდევდა, რომ 5 მარტიდან ბლოგმა ფუნქციონირება შეწყვიტა. თავიდან დროის უკუამთვლელი დავაყენე, რომლის დასრულება ა.წ. 25 ივნისზე იყო დაგეგმილი, ხოლო მოგვიანებით სრულიად წავშალე ბლოგი.

შესაძლოა ზოგიერთი თქვენთაგანი მიხვდა, რომ ბლოგის ავტორის პირად ცხოვრებაში გარკვეული სახის კონკრეტული და ლოკალური კატასტროფა მოხდა.

საკითხი იმდენად პირადულია, რომ ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ მის შესახებ საუბარს (საერთოდაც თუ ვისაუბრე).

როგორც ხედავთ დღეს, 2013 წლის 9 მაისს (წმინდა წყლის დამთხვევა) ბლოგმა კვლავ განაახლა ფუნქციონირება, მცირედი გაუმჯობესებით. არაფერი ისეთი, უბრალოდ დავამატე კომენტირების სისტემა Disqus, წაშალე ზედმეტი და არაფუნქცინირებადი ჩადგმები. პოდკასტის არხიც ამუშავდა და თქვენ კვლავ გექნებათ შესაძლებლობა ყოველ ორშაბათს მოისმინოთ ახალი გამოშვებები, მისი გამოწერა iTunes Store-ში შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე „დელფის ორშაბათის პოდკასტი“, თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება, შეგიძლიათ გამოიწეროთ პოდკასტის არხი პირდაპირი მისამართით აი აქედან.

ასევე გაცნობებთ, რომ გამომდინარე Google-ის უმსგავსო საქციელიდან, როდესაც მან ვერაგულად მოსაკლავად გაიმეტა Google Reader 2013 წლის 1 ივლისიდან, გადავწყვიტე აღარ ვანდო RSS-არხების აგრეგირების საკითხი არც Google FeedBurner-ს და პირდაპირ მოგაწოდოთ არხი შემდეგი მისამართიდან: RSS.

დიზაინს რაც შეეხება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გადავათვალიერე რამდენიმე ასეული თემა, მაგრამ ვერაფერი ვერ მოვიწონე. ამიტომ გადავწყვიტე წავიდე შემდეგი გზით: შევქმენი შვილობილი თემა, რომელიც ეფუძნება სისტემურ თემას Twenty Ten. დაფუძნებაც ხდება WordPress-ის წესების გათვალისწნებით, ანუ ჩემს თემაში მხოლოდ სამი ფაილია: style.css, functions.php და screenshot.png. შვილობილი თემა ბლოგის ვიზუალური გამოსახვის ყველა წესს ღებულობს მშობელი თემისგან, მაგრამ მე რაც ცვლილებასაც შევიტან ზემოჩამოთვლილ ფაილებში, თემაც შესაბამისად გადასხვაფერდება. ეს WordPress-ის გაკვეთილების ციკლის ერთ-ერთი სტატია გახდება უახლოეს ხანში.

აი, ძირითადად, რისი თქმაც მინდოდა ამ სტატიაში. დანარჩენ იდეებს შემდეგ სტატიებში განვავრცობ, ან მინიმუმ შევეცდები, რომ ასე გავაკეთო.

კიდევ ერთხელ, მადლობას გეუბნებით ყველას, ვინც ამ ბლოგზე შემოდიხართ და კითხულობთ ჩემი უხეირო ქართულით ნაწერს. მადლობა ყველას, ვინც კომენტარს ტოვებთ ბლოგის ამა თუ იმ სტატიაზე, მე ეს ძლიერ მიმაღლებს მოტივაციას, რომ განვაგრძო წერა.

დარჩით ჩვენთან!

სატესტო მზადება

Lorem Ipsum საბეჭდი და ტიპოგრაფიული ინდუსტრიის უშინაარსო ტექსტია. იგი სტანდარტად 1500-იანი წლებიდან იქცა, როდესაც უცნობმა მბეჭდავმა ამწყობ დაზგაზე წიგნის საცდელი ეგზემპლარი დაბეჭდა. მისი ტექსტი არამარტო 5 საუკუნის მანძილზე შემორჩა, არამედ მან დღემდე, ელექტრონული ტიპოგრაფიის დრომდეც უცვლელად მოაღწია.

განსაკუთრებული პოპულარობა მას 1960-იან წლებში გამოსულმა Letraset-ის ცნობილმა ტრაფარეტებმა მოუტანა, უფრო მოგვიანებით კი — Aldus PageMaker-ის ტიპის საგამომცემლო პროგრამებმა, რომლებშიც Lorem Ipsum-ის სხვადასხვა ვერსიები იყო ჩაშენებული.

სიახლეები ბლოგის შესახებ

მეგობრებო,

უახლოესი ნათესავის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, გასულ კვირას არ მეცალა ბლოგისათვის.

ხვალიდან კვლავინდებულად განვაგრძობ ახალი სტატიების გამოქვეყნებას.

ზოგიერთი სიახლე ბლოგის ავტორის, უშუალოდ ბლოგისა და მომავლის შესახებ

სალამი მკითხველო,

იშვიათად მიწევს ეს ბოლო დროა ამ ბლოგში წერა, თანაც ბლოგი შეიძლება ითქვას, რომ დასრულებული არაა. დიზაინი დასარულებელია (ამ მიმართულებით ერთი კარგი იდეა მომივიდა თავში და ცოტა ხანში გაგაცნობთ), ბლოგის თემატიკაც მეტ-ნაკლებად მოსაფიქრებელი.

ახალ სამსახურში გადავედი. GO! Electronics-ში, თანაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და ვიტყოდი სანატრელ პოზიციაზე — Apple Brand Manager.

ასე ვთქვათ, ეფლის საკითხებში ახლა მე ზუსტად იქ  ვარ, სადაც უნდა ვიყო. რათქმაუნდა ვაცნობიერებდი, რომ საქმე ბევრი იქნებოდა, მაგრამ ალბათ ოდნავ მზად არ აღმოვჩნდი თავიდან. ამიტომ ბევრი რამ მომეყარა ერთბაშად და ამოსუნთქვის საშუალება არ მქონდა მთელი ეს პერიოდი. ახლა ცოტათი ამოვისუნქთე — გავანაწილე დროში საქმეები და ცოტათი დავლაგი. შესაბამისად ამ პოსტის დაწერის 10 წუთიც გამიჩნდა.

ხშირად შემოიარეთ ხოლმე ჩემს ბლოგში, ამიერიდან უფრო ხშირად დავწერ და უფრო დეტალურადაც მოგიყვებით ჩემი ყოველდღიური საქმეების შესახებ.

Tabula Rasa, ანუ ბლოგის ხელმეორე დაბადება

მკითხველო გამარჯობა, დიდი ხნის შემდეგ და დიდი მონატრებით ისევ გესალმები. თითქმის ექვსი თვეა,  ამ ბლოგზე არ გამოქვეყნებულა რაიმე ჩანაწერი. ბოლო რაც დავწერე, სტივ ჯობსის კომპანიის მართველობიდან საბოლოო წასვლა გახლდათ. მაგრამ მოდი მაინც თანმიმდევრობით მივყვეთ მოვლენებს.

ჩემს ცხოვრებაში პირველი, იგივე ერთადერთი ბლოგი 2007 წლის მაისში გავხსენი. აგერ წელს უკვე 5 წელი შესრულდება. მისამართი ასეთი არ ჰქონდა, არამედ: blog.gogelia.ge ამ ბმულზე შესვლის შემთხვევაში სხვა მისამართზე გადაგიყვანთ სერვერი: www.gogelia.ge/apple. აქ დაიდებს ბინას ის, ძველი ბლოგი თავისი 1500 მეტი ჩანაწერით. პირველი სამი წელი ბლოგი აქტიურად ვითარდებოდა, ძალიან ბევრი და ჩემი აზრით სასარგებლო ინფორმაცია დავდე იქ. ბოლოს, 2010 წელს ჩემი მეგობრისაგან, აკა ხუხაშვილისაგან მიღებული არაჩვეულებრივი შემოთავაზების წყალობით შესაძლებლობა მომეცა ერთ-ერთი პირველს გამესინჯა Apple-ის უახლესი გაჯეტები და თქვენთვის, მკითხველისათვის მიმეწოდებინა ინფორმაცია. დიდი მადლობა აკა!

მაგრამ აი 2011 წლიდან რაღაცა მოიშალა ჩემს ბლოგერულ საქმიანობაში. სულ უფრო და უფრო მცირედ მიჩნდებოდა სურვილი რაიმე დამეწერა. ბოლოს დღეში 3-5 ჩანაწერიდან კვირაში ერთ ჩანაწარემადე ჩამოვედი, მერე თვეში ერთხელ ვწერდი, სანამ აგვისტოში საბოლოოდ არ მივხვდი, რომ არსებულმა ბლოგმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა. რა მექნა? როგორ გამომესწორებინა სიტუაცია. არ ვიცოდი. ბლოგის წაშლაზე ხელი ამიკანკალდა. ბოლო-ბოლო ოთხი წელი თავდაუზოგავი შრომის ნაყოფი იყო. ძველი მისამართიც მთელი რიგი ტექნიკური და ფსიქოლოგიური მომენტების გამო არ მომწონდა. მოკლედ, ბლოგი კომაში ჩავარდა. ამ დროს (აგვისტოს მიწურულია უკვე), როდესაც ბლოგი ტექნიკური გაუმართაობის გამო ხან ჩართული იყო, ხანაც გამორთული, ერთ-ერთ ძველ სტატიაში გაჩნდა კომენტარი, რომელშიც მთხოვდნენ დაკავშირებას ბლოგინგის შემოთავაზებით. დამაინტერესა და დავუკავშირდი. დავუკავშირდი და აი უკვე მეექვსე თვეა რაც GO! Blog-ის მთავარი რედაქტორი ვარ, ვართ არაჩვეულებრივი გუნდი თანამოაზრეებისა, რომლებსაც მოგვწონს, გვურს და ვქმნით კიდევაც მაღალხარისხოვან შიგთავსს ტექნოლოგიების საკითხებზე ქართულ ბლოგო-სფეროში. ჰო, ცოტა ტრაბახი გამომივიდა, მაპატიეთ, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ჩემი ახლანდელი სამუშაო.

კი მაგრამ რა დაემართა პირად ბლოგს, იკითხავს მავანი ცნობისმოყვარე მკითხველი? პირადი ბლოგი ისევ კომაში განაგრძობდა მთელი ეს პერიოდი ყოფნას. ახალ ბლოგს ძალიან ბევრი დრო მიჰქონდა დასაწყისში, არც ახლა სჭირდება ცოტა დრო. მაგრამ მოხდა ფაქტი, ერთი შეხედვით კომიკური, რამაც საბოლოოდ მიმაღებინა გადაწყვეტილება ბლოგის აღდგენისა. Facebook-ზე გავწევრიანდი „მკვდარი ბლოგერების საზოგადოებაში“ — Dead Bloggers Society.

თავიდან ხუმრობანარევი ეს ჩემი ნაბიჯი საბოლოოდ დაფიქრების მიზეზი გახდა. გეცინება ალბათ, არა? ჰო, მეც მეცინება ცოტათი ამაზე, მაგრამ ფაქტია, რომ არ მესიამოვნა ის, რომ ბლოგინგისათვის (პირად ბლოგს ვგულისხმობ) მე მკვდარ ადამიანიად ვითვლები. როგორც ზემოთ მოგახსენე მკითხველო, ძველი მისამართი რიგი მიზეზების გამო აღარ მომწონს. ამიტომ გადავწყვიტე ასე: ბლოგი გადადის ძირითად დომენზე gogelia.ge, ძველი ბლოგის ჩანაწერები გადაინაცვლებს აქ www.gogelia.ge/apple (ვეცდები ამ საღამოს იმპორტით გადმოვიტანო ჩანაწერები, ხოლო ფოტოებს მოგვიანებით გავასწორებ).

კი მაგრამ, კვლავ ჩამეძიება კირკიტა მკითხველი, რა თემატიკაზე დაწერ ამ ახალ ბლოგში? 100% გარანტიით გეტყვით, რომ ახალ ბლოგში პრაქტიკულად არ გვექნება საუბარი Apple-ზე (ამ თემაზე მე ვწერ go.ge-ზე და სულ მალე ხელახლა ავამუშავებთ ნახევრად ჩამკვდარ gemug.ge-ს). სამაგიეროდ აქ ვისაუბრებთ შემდეგ საკითხებზე:

  • გაკვეთილები WordPress-ისა და Drupal-ის შესახებ. ჩემთვის ორივე ეს ვებ-ძრავი ძალიან საინტერესოა. პირველზე კერძო ბლოგი მუშაობს, ხოლო მეორეზე — ჩემთვის ფრიად მნიშვნელოვანი gemug.ge;
  • გაქართულება. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულად აღარ ვარ დაკავებული ლოკალიზაციებით (იგულისხმება Windows-ის გაქართულება), ეს თემა ჩემთვის ასევე ფრიად საინტერესოა. ორი პროდუქტის ლოკალიზაციის განახლებას ვაპირებ 2012 წელს: WordPress-ის და Drupal-ის;
  • Delphi. ამ RAD-ის ბოლო ვერსიამ მე პირადად დიდი სიხარული მომგვარა, ვინაიდან უკვე შესაძლებელია კროს-პლათფორმული აპლიკაციების წერა, როგორც Windows-ზე, ასევე Mac-ზე;
  • ელექტრონული წიგნები. თუ არაფერმა შემიშალა ხელი, კვირაში ერთ ქართულ ელექტრონულ წიგნს შემოგთავაზებთ ePUB-ფორმატში;
  • IT-სფეროს გამოჩენილი პირების ისტორია. საკმაოდ დამიგროვდა ამის შესახებ მასალები და ვფიქრობ, რომ შენთვისაც საინტერესო იქნება.
  • Star Trek-ის უკიდეგანო სამყარო. მე ამ სამყაროში ძალიან გვიან მოვხვდი. ვისაც გიყურებიათ თუნდაც ერთი სერიალისთვის მაინც, იცით რა დიდ სიამოვნებაზე ვსაუბრობ. ვინც არა — ვეცდები თქვენც გაგიზიაროთ, თუ რა მაგარი სამყაროა Star Trek.
  • და სხვა. ძალიან ბევრ საკითხს არ მინდა მოვედო, ამიტომ აქ შევჩერდები და თუ რამეს დავამატებ, აუცილებლად დავამატებ.

აი ასეა საქმე მეგობარო. ბლოგი კვლავ იწყებს მუშაობას. და დიდი იმედი მაქვს, რომ ის კვლავაც საინტერესო იქნება შენთვის. ყოველშემთხვევაში, მე ამისათვის ენერგიას არ დავიშურებ!

4 წელი… თითქოს გუშინ იყო…

ჰო, 4 წელი გავიდა. 1461 დღე და კიდევ რამდნიმე საათი, მაგრამ ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. 1540 ჩანაწერი, ანუ პრაქტიკულად დღეში ერთი სტატია მაინც. იყო ამ წლების განმავლობაში ბევრი ფიქრი, ჭოჭმანი — საჭიროა, თუ არა ამ ბლოგის არსებობა. სჭირდება თუ არა ვინმეს ის. თურმე საჭირო ყოფილა, თურმე ხალხი კითხულობს, ბევრი არა, მაგრამ კითხულობს. და მათგან წამოსული ენერგეტიკა მაძლევდა ძალას მეწერა, მეთარგმნა, მეფიქრა…

და აი, 4 წლის თავზე მე ისევ ამ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს: საჭიროა კი ეს ბლოგი?

დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ბლოგო…

შენი დოქტორი დელფიუსი.

4th Anniversary
4th Anniversary

 

და კვლავ ამ ბლოგის შესახებ…

მეგობრებო, თუ კიდევ შემორჩა ამ ბლოგს მკითხველი, უთუოდ შეამჩნევდა, რომ ბლოგზე იანვრის შემდეგ არ ყოფილა არცერთი ჩანაწერი. ამის ბევრი მიზეზი არსებობდა, პირველ რიგში დედაჩემის მძიმე ავადმყოფობა. მაგრამ დღეისათვის მძიმე სენი დაძლეულია, ყველაზე რთული უკან ჩამოვიტოვეთ და მომავალს დიდი იმედით ვუყურებთ.

არ შემიძლია არ დავწერო იმის შესახებ, თუ რა მოხდა ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. პირველ რიგში ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად როგორც იქნა გაეშვა საქართველოში მაკის მომხმარებელთა ჯგუფის პორტალი www.gemug.ge, რაც მე ძალიან მახარებს. მართალია, ოჯახური პრობლემების გამო მისი ასე ვთქვათ „რასკრუტკა“ ასევე ნელი ტემპით წარიმართა, მაგრამ დღეიდან მას დიდ დროს დავუთმობ და იმედია ის გახდება ერთ-ერთი წამყვანი რესრუსი ქართულ ინტერნეტში მაკის თემატიკასთან დაკავშირებით.

მეორე ის, რომ ჩემს Macbook Pro (Early 2008)-ს დაუზიანდა გრაფიკული პროცესორი. ვინც გარკვეული ხართ საკითხში, იცით რომ 2008 წლის გაზაფხულზე გამოშვებულ ნოუთბუკებში nVidia-ს გამოისობით მოხდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა, რის გამოც ნოუთბუკის ჩემნაირ მოდელებში ხდება ეს სავალალო დაზიანება. მაგრამ ეფლმა გამოაცხადა 4 წლიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს დედადაფის უფასოდ გამოცვლას მსოფლიოს მაშტაბით. ჰოდა სწორედ ამ პროგრამით უკვე შევუკვეთეთ ახალი დედადაფა და დაახლოებით ამ თვის ბოლოსათვის მივიღებ ჩემს გაცოცხლებულ ნოუთბუკს ;)

კი მაგრამ, იკითხავს გაოცებული მკითხველი, თუ მაკის შესახებ ინფორმაცია გინდა რომ მოგროვდეს ახალ პორტალზე www.gemug.ge, აქ რაღა უნდა წერო?

გეტყვით, ყველაფერს გეტყვით. ვინც ახლოს მიცნობს, იცის, რომ ეფლის კომპიუტერებით გატაცება ჩემი ერთ-ერთი და არა ერთადერთი ჰობია. კიდევ მე მაინტერესებს ლოკალიზაცია, ვორდპრესი, დრუპალი და ზოგადად ყველაფერი, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებს ეხება. ჰოდა ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ არის ზღვა! შევეცდები არ მოგაკლოთ როგორც სიახლეები, ასევე სტატიები ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგების შესახებ.

მოკლედ, ბლოგი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ ფორმას. გთხოვთ არ დაიზაროთ და კომენტარის სახით დაწეროთ, თუ რა საკითხები იქნება თქვენთვის საინტერესო. დიდი მადლობა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ჩემს გვერდით დარჩით!

ორშაბათს

სალამი მეგობრებო. როგორც ხედავთ ეს ბოლო ხანებია სულ უფრო ნაკლებად ვიცლი ბლოგისათვის. თანაც ერთი კვირაა სახლში მიდევს Magic Trackpad, რომლის მიმოხილვის დაწერას საშველი ვერ დავაყენე :)

მიზეზი გახლავთ იმაში, რომ ჩემი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე (პროგრამული უზრუნველყოფის ლოკალიზაცია), ვამზადებ ორ პროდუქტს და ვაპირებ ორშაბათიდან შემოგთავაზოთ ისინი.

თუ რა პროდუქტებია, ამას ორშაბათს გაიგებთ ;)

შვებულება!

დიახ, აღსრულდა ნანატრი ოცნება დასვენებაზე. მივდივარ! ზღვაზე! 5 დღით (ვიცი ცოტაა, მაგრამ სხვა გზა არ არის). ასე რომ 16 აგვისტომდე არ ვიქნები აქ. მერე განვაგრძოთ! ;)

RSS-არხების პრობლემა

რამოდენიმე დღეა გაურკვეველი მიზეზი გამო (ანდა უბრალოდ მე არ მეცალა და ვერ ჩავუღრმავდი), გაითიშა RSS-არხებით სიახლეების განახლება.

რა არ ვეცადე, რა არ ვქენი, მაგრამ უშედეგოდ. ამ საღამოს ხელახლა ვცადე გასწორება და ჰოი საოცრებავ, ამუშავდა! ოღონდ FeedBurner-მა რატომღაც ახალი მისამართი მომანიჭა: http://feeds.feedburner.com/delphiknight

ბოდიშს გიხდით ამ გაუგებრობისათვის და თუ კვლავ გაინტერესებთ ჩემი ბლოგის კითხვა, გთხოვთ ჩაინიშნოთ ახალი მისამართი. დიდი მადლობა!