Skip to content

ჩვენი დღევანდელი მიმოხილვის გმირი გახლავთ ელექტრონული წიგნი PocketBook Pro 912. ზომებით ის ცოტათი დიდია, ვიდრე iPad, ხოლო წონით — 17 გრამით ნაკლები. ჯიბეში რათქმაუნდა ვერ ჩაიდებთ, მაგრამ ჩანთაში დიდ ადგილს არ დაიკავებს. ამ მიმოხილვაში შევეცდები მაქსიმალურად დეტალურად ავღწერო ეს მოწყობილობა.

...continue reading "PocketBook 912 Pro — განხილვა"

Steve Jobs 57
Steve Jobs 57

დღეს სტივ ჯობსი 57 წლის გახდა. და არავითარი „გახდებოდა“. ბევრს არ დავწერ. ყველა ეფლისტმა იცის, უყვარს და პატივს სცემს მას.

დაბადების დღეს გილოცავ, სტივ...

14 თებერვალი ღირსშესანიშნავი დღეა Delphi-საზოგადოებისათვის. საუბარი არ არის ვალენტინობაზე. საქმე იმაშია, რომ ზუსტად ამ დღეს, 1995 წელს Software Development Conference 95-ზე წარმოდგენილი იქნა ჩემი საყვარელი პროდუქტის პირველი ვერსია.


მას შემდეგ ჩვიდმეტი წელი გავიდა. Delphi-მ გაიარა რამდენიმე აღმაფრენისა და ვარდნის პერიოდები დამფლობელიც არა ერთხელ გამოიცვალა. და აი წელს Embarcadero Technologies-მა, რომელიც შეიძინა Borland-ისაგან დეველოპინგის ეს ხელსაწყო, გადაწყვიტა საჯაროდ აღნიშნოს იუბილე.

Delphi Birthday
Delphi Birthday

ზეიმის მიზეზი მართლაც არსებობს. მონაცემების მიხედვით, როლებიც გამოქვეყნდა კომპანიის პრეს-რელიზში ამ რამდენიმე დღის წინ, 2011 წელს Delphi-ს გაყიდვებმა 54%-ით მოიმატა წინა წელთან შედარებით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კრიზისულ წლებშიც გაყიდვები მცირედ, მაგრამ მაინც ზემოთ მიიწევდა. 2010 წელს ზრდა იყო 15%. მსგავსი სტატისტიკა ქვას ქვაზე აღარ ტოვებს „Delphi-ს სიკვდილის“ შესახებ ჭორებისათვის.

რა გახდა მაჩვენებლების ზრდის მიზეზი და კანონზომიერია, თუ არა ეს წარმატება? რათქმაუნდა, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ Delphi XE2 ვერსიით კომპანიამ მომხმარებლებს მიაწოდა ის შესაძლებლობები, რაც დააკლო ადრეულ ვერსიებში. და XE2 ვერსია მართლაც რომ რევოლუციური პროდუქტია. სხვა მრავალი სიახლის გარდა, Embarcadero-მ წარმოადინა კროსპლათფორმული დეველოპინგის ახალი პლათფორმა — FireMonkey. კონკურენტების პროდუქტებისაგან განსხვავებით, FireMonkey ქმნის ბუნებრივ აპლიკაციებს თითოეული პლათფორმისათვის. ისინი ბუნებრივია როგორც ცენტრალური პროცესორის თვალსაზრისით, აგრეთვე გრაფიკული პროცესორისისაც. ეს ფრიად მნიშვნელოვანი თავისებურებაა. ამ ეტაპზე FireMonkey გარდა Windows-პლათფორმისა მხარს უჭერს Mac OS და iOS პლათფორმებსაც.

მომავალში გათვალისწინებულია Android-ის და სხვა საოპერაციო სისტემების მხარდაჭერა (ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ FireMonkey-ს საშუალებით კროსპლათფორმული აპლიკაციების შექმნაზე და ბევრი ცოცხალი მაგალითიც გვექნება). სწორედ ამ კროსპლათფორმული ბიბლიოთეკის გაშვება გახდა ბიძგი Delphi-ს მიმართ ინტერესის კვლავ გაღვიძებისა. მოკლედ, ჩვენ, Delphi-სტები კვლავ მწყობრში ვართ, განვაგრძობთ საყვარელი სისტემის საშუალებით კოდის წერას და მომავალს იმედით ვუყურებთ!

Delphi Birthday
Delphi Birthday

კიდევ ერთხელ, ყველა ნამდვილ Delphi-პროგრამისტს ვულოცავ დღევანდელ დღეს!

8

მაშ, რა არის WordPress? თუ Wikipedia-ს დავესესხებით, გავიგებთ, რომ WordPress არის საიტის შიგთავსის მართვის სისტემა (Content Management System, CSM) ღია პროგრამული კოდით, რომელიც GNU GPL ლიცენზიის წესებით ვრცელდება. დაწერილია პროგრამირების ენის PHP გამოყენებით და მონაცემთა ბაზისათვის იყენებს MySQL-ს. გამოყენების სფერო ფართოა — ბლოგებიდან დაწყებული საკმაოდ რთული საინფორმაციო საიტებით და ინტერნეტ-მაღაზიებითაც კი დამთავრებული. „თემების“ და „ჩადგმების“ სისტემა საშუალებას გვაძლევს ავაწყოთ პრაქტიკულად ნებისმიერი საიტი.

უპირატესობები

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, WordPress მსოფლიოში საუკეთესო პლათფორმაა ბლოგისათვის, ან ინტერნეტ-პროექტისათვის, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება სიახლეები, ფოტოები, ვიდეო-რგოლები და სხვა სახის ინფორმაცია (შიგთავსი). რატომ საუკეთესო? მოდი ჩამოვთვალოთ 5 ძირითადი უპირატესობა:

  • უფასო. დიახ, WordPress — უფასოდ ვრცელდება. ახალბედასათვის, რომელიც პირველად აკეთებს საკუთარ ბლოგს, ეს მნიშვნელოვანი მომენტი და დიდი უპირატესობაა. რატომ უნდა გადავიხადოთ ფული ფასიან სისტემებში, როდესაც საუკეთესო სისტემა უფასოა?
  • დაყენებისა და გამოყენების სიმარტივე. დაყენების პროცესი 5 წუთი გრძელდება და სრულიად არ არის საჭირო რაიმე პროგრამისტული გამოცდილება ამ საქმისათვის. დეველოპერები შეეცადნენ შეექმნათ სისტემა, მაქსიმალურად მარტივი და მეგობრული მომხმარებლის მიმართ, რათა სრულიად ახალბედებისთვისაც კი იოლი ყოფილიყო ამ საკითხში გარკვევა.
  • კროსპლატფორმულობა. WordPress ყენდება უშუალოდ თქვენს საიტზე (სერვერზე). კომპიუტერში არაფერი ზედმეტის დაყენება არ არის საჭირო. ეს ნიშნავს, რომ შეგეძლებათ საიტის მართვა ნებისმიერი კომპიუტერიდან. ერთადერთი სავალდებულო პირობა — ინტერნეტთან კავშირი.
  • ჩადგმული ტექსტური რედაქტორი. WordPress-ით სარგებლობა ძალიან მარტივი და ადვილია ძიირთადად ჩადგმული ტექსტური რედაქტორის გამო. ერთხელ მაინც თუ გიმუშავიათ Microsoft Word-ში, WordPress-ის რედაქტორის ათვისება ძალიან მარტივი იქნება. ტექსტის დაფორმატება, სურათებისა და ვიდეოს ჩასმა — ეს ყველაფერი მაუსის ორიოდე დაწკაპუნებით ხორციელდება
  • პოპულარობა. WordPress — შიგთავსის მართვის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სისტემაა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, WordPress-ის საბაზრო წილი 55%-ზე მეტია. მსოფლიოში 58 მილიონი საიტი WordPress-ის ძრავზე მუშაობს. 297 მილიონი ადამიანი ყოველთვიურად 2,5 მილიარდ ვებ-გვერდს ათვალიერებს WordPress-ზე. ყოველი მეშვიდე საიტი შექმნილია WordPress-ის გამოყენებით. თუ რაიმე სახის ჩადგმა გჭირდებათ, პრობლემა არაა — 15 ათასზე მეტია. WordPress-ის ბოლო ვერსიას 7 მილიონი ჩამოტვირთვა აქვს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს ნიშნავს, რომ ინტერნეტში თქვენ იპოვნით უფასო თემებისა და ჩადგმების აურაცხელ რაოდენობას. ხოლო თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, პასუხის მოძებნაც ადვილი იქნება.

დამატებითი შესაძლებლობები

ეს WordPress-ის მხოლოდ ძირითადი უპირატესობებია. ამ სიას შეგვიძლია დავუმატოთ ფასიანი თემების, რომლებშიც უფრო მეტი ფუქნციონალია ჩადებული, ვიდრე უფასოებში, უზარმაზარი ბიბლიოთეკა; ვიჯეტებისა და სოციალური ჩადგმების მხარდაჭერა; სისტემის საიმედობა და უსაფრთხოება და ა.შ. თუმცა WordPress-ის მშვენიერებისა და მოხერხებულობის შეგრძნება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ სისტემაში აქტიურად მუშაობ. კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ საძიებო ოპტიმიზაციის სისტემების (Search Engine Optimization, SEO) მხარდაჭერა — ამის გარეშე ძნელია საიტის რეიტინგის ამაღლება ისეთ საძიებო სისტემებში, როგორებიცაა Google, Bing და ა.შ. ასევე უნდა აღინიშნოს სოციალურ ქსელებთან და RSS-არხებთან ურთიერთქმედების მხარდაჭერა. ეს მნიშვნელოვანია, თუ დაინტერესებული ხართ მკითხველთა და ხელმომწერთა მატებით და გსურთ უფრო პროგრესული უკუქმედება. კომენტარების მოხერხებული სისტემა დაგეხმარებათ მიიღოთ ადექვატური და სწრაფი გამოხმაურება გამოქვეყნებულ სტატიაზე. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გარე კომენტარების სისტემის მიერტება, მაგალითად Facebook-ის, ან Disqus-ის, რომლებსაც მთელი რიგი უპირატესობები გააჩნიათ. ზემოაღნიშნული ყველა ფაქტორი მხოლოდ ერთს გვეუბნება: WordPress — მოხერხებულია, მარტივია და ლამაზია! თუ სერიოზულად აპირებთ საკუთარი ბლოგის წარმოებას, ან გსურთ შექმნათ ინტერნეტ-პროექტი, მაგრამ ჯერ არ აგირჩევიათ შიგთავსის მართვის სისტემა — აირჩიეთ WordPress. ეს პირველი სტატიაა ციკლიდან WordPress-ის შესახებ. მომდევნო სტატიებში დეტალურად განვიხილავთ WordPress-თან მუშაობის ყველა ასპექტს.

ძვირფასო მკითხველო, ჩემი განახლებული ბლოგის პირველი სტატიის გამოქვეყნებიდან კვირაზე ცოტა მეტი გავიდა. ვფიქრობ, მეტი დაგვიანება საჭირო არაა და დღეიდან აქტიურად დავიწყებ ბლოგის საინტერესო და სასარგებლო ჩანაწერებით შევსებას.

როგორც ალბათ უკვე იცი, ბლოგზე რამდენიმე თემა იქნება ძირითადი (რაც სრულიად არ გამორიცხავს სხვა თემების არსებობასაც). ერთ-ერთი ძირითადი თემა WordPress არის და ეს სტატიაც შეიძლება ამ თემის შესავალ ნაწილად ჩავთვალოთ.

მე გამოვაქვეყნებ არა მარტო სასწავლო მასალებს ახალბედებისათვის, არამედ შედარებით რთულ სტატიებსაც მოწინავე მომხმარებლებისათვისაც. ჩემი მიზანია — რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიტანო თითოეულ მკითხველამდე.

სტატიების პერიოდულობაზე ჯერ-ჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ, შევეცდები დიდი ინტერვალები არ გავაკეთო მათ შორის. რომ არ მოხდეს ამ კატეგორიის აღრევა, გადავწყვიტე სტატიები დავყო ქვე-კატეგორიებათ, ოღონდ ტეგების გამოყენებით. რატომ ტეგების? აბა შევხედოთ: WordPress-ის შესახებ სიახლე და Drupal-ის შესახებ სიახლე ცალ-ცალკე რომ იყოს, მგონია, რომ არასწორი იქნება. ამიტომაც ძირითადი თემები დაყოფილია კატეგორიებად, ხოლო მათ გამჭოლად მიჰყვება ტეგები. აქამდე ასე არ გამიკეთებია და მეც მაინტერესებს, რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა ეს. აი ეს ქვე-კატეგორიები:

  • სიახლეები — აქ მოხვდება ყველა სიახლე WordPress-ის სამყაროდან;
  • გაკვეთილები — ძირითადი ნაწილი, სადაც თავს მოიყრის სტატიები;
  • თემები — ჩემი აზრით და გემოვნებით (სრულიად სუბიექტურით) შერჩეული თემები, რომლებსაც განვიხილავ;
  • ჩადგმები (Plugins) — სასარგებლო, საჭირო და ძალიან საჭირო ჩადგმების მიმოხილვა;
  • ჰაკები — იმ მომხმარებლებისათვის, ვინ კარგად იცნობს PHP-ის და სურს თავის ბლოგში უფრო სიღრმისეული ცვლილებები შეიტანოს, ეს განყოფილება მისწრება იქნება.

თუ რამე გაუგებარი იქნება რომელიმე სტატიაში, გთხოვ მკითხველო, რომ დატოვო კომენტარი, არ მოგერიდოს, მკითხე ყველაფერი და შევეცდები ამომწურავი პასუხი გაგცე. აბა, დავიწყეთ!

8

მკითხველო გამარჯობა, დიდი ხნის შემდეგ და დიდი მონატრებით ისევ გესალმები. თითქმის ექვსი თვეა,  ამ ბლოგზე არ გამოქვეყნებულა რაიმე ჩანაწერი. ბოლო რაც დავწერე, სტივ ჯობსის კომპანიის მართველობიდან საბოლოო წასვლა გახლდათ. მაგრამ მოდი მაინც თანმიმდევრობით მივყვეთ მოვლენებს.

ჩემს ცხოვრებაში პირველი, იგივე ერთადერთი ბლოგი 2007 წლის მაისში გავხსენი. აგერ წელს უკვე 5 წელი შესრულდება. მისამართი ასეთი არ ჰქონდა, არამედ: blog.gogelia.ge ამ ბმულზე შესვლის შემთხვევაში სხვა მისამართზე გადაგიყვანთ სერვერი: www.gogelia.ge/apple. აქ დაიდებს ბინას ის, ძველი ბლოგი თავისი 1500 მეტი ჩანაწერით. პირველი სამი წელი ბლოგი აქტიურად ვითარდებოდა, ძალიან ბევრი და ჩემი აზრით სასარგებლო ინფორმაცია დავდე იქ. ბოლოს, 2010 წელს ჩემი მეგობრისაგან, აკა ხუხაშვილისაგან მიღებული არაჩვეულებრივი შემოთავაზების წყალობით შესაძლებლობა მომეცა ერთ-ერთი პირველს გამესინჯა Apple-ის უახლესი გაჯეტები და თქვენთვის, მკითხველისათვის მიმეწოდებინა ინფორმაცია. დიდი მადლობა აკა!

მაგრამ აი 2011 წლიდან რაღაცა მოიშალა ჩემს ბლოგერულ საქმიანობაში. სულ უფრო და უფრო მცირედ მიჩნდებოდა სურვილი რაიმე დამეწერა. ბოლოს დღეში 3-5 ჩანაწერიდან კვირაში ერთ ჩანაწარემადე ჩამოვედი, მერე თვეში ერთხელ ვწერდი, სანამ აგვისტოში საბოლოოდ არ მივხვდი, რომ არსებულმა ბლოგმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა. რა მექნა? როგორ გამომესწორებინა სიტუაცია. არ ვიცოდი. ბლოგის წაშლაზე ხელი ამიკანკალდა. ბოლო-ბოლო ოთხი წელი თავდაუზოგავი შრომის ნაყოფი იყო. ძველი მისამართიც მთელი რიგი ტექნიკური და ფსიქოლოგიური მომენტების გამო არ მომწონდა. მოკლედ, ბლოგი კომაში ჩავარდა. ამ დროს (აგვისტოს მიწურულია უკვე), როდესაც ბლოგი ტექნიკური გაუმართაობის გამო ხან ჩართული იყო, ხანაც გამორთული, ერთ-ერთ ძველ სტატიაში გაჩნდა კომენტარი, რომელშიც მთხოვდნენ დაკავშირებას ბლოგინგის შემოთავაზებით. დამაინტერესა და დავუკავშირდი. დავუკავშირდი და აი უკვე მეექვსე თვეა რაც GO! Blog-ის მთავარი რედაქტორი ვარ, ვართ არაჩვეულებრივი გუნდი თანამოაზრეებისა, რომლებსაც მოგვწონს, გვურს და ვქმნით კიდევაც მაღალხარისხოვან შიგთავსს ტექნოლოგიების საკითხებზე ქართულ ბლოგო-სფეროში. ჰო, ცოტა ტრაბახი გამომივიდა, მაპატიეთ, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ჩემი ახლანდელი სამუშაო.

კი მაგრამ რა დაემართა პირად ბლოგს, იკითხავს მავანი ცნობისმოყვარე მკითხველი? პირადი ბლოგი ისევ კომაში განაგრძობდა მთელი ეს პერიოდი ყოფნას. ახალ ბლოგს ძალიან ბევრი დრო მიჰქონდა დასაწყისში, არც ახლა სჭირდება ცოტა დრო. მაგრამ მოხდა ფაქტი, ერთი შეხედვით კომიკური, რამაც საბოლოოდ მიმაღებინა გადაწყვეტილება ბლოგის აღდგენისა. Facebook-ზე გავწევრიანდი „მკვდარი ბლოგერების საზოგადოებაში“ — Dead Bloggers Society.

თავიდან ხუმრობანარევი ეს ჩემი ნაბიჯი საბოლოოდ დაფიქრების მიზეზი გახდა. გეცინება ალბათ, არა? ჰო, მეც მეცინება ცოტათი ამაზე, მაგრამ ფაქტია, რომ არ მესიამოვნა ის, რომ ბლოგინგისათვის (პირად ბლოგს ვგულისხმობ) მე მკვდარ ადამიანიად ვითვლები. როგორც ზემოთ მოგახსენე მკითხველო, ძველი მისამართი რიგი მიზეზების გამო აღარ მომწონს. ამიტომ გადავწყვიტე ასე: ბლოგი გადადის ძირითად დომენზე gogelia.ge, ძველი ბლოგის ჩანაწერები გადაინაცვლებს აქ www.gogelia.ge/apple (ვეცდები ამ საღამოს იმპორტით გადმოვიტანო ჩანაწერები, ხოლო ფოტოებს მოგვიანებით გავასწორებ).

კი მაგრამ, კვლავ ჩამეძიება კირკიტა მკითხველი, რა თემატიკაზე დაწერ ამ ახალ ბლოგში? 100% გარანტიით გეტყვით, რომ ახალ ბლოგში პრაქტიკულად არ გვექნება საუბარი Apple-ზე (ამ თემაზე მე ვწერ go.ge-ზე და სულ მალე ხელახლა ავამუშავებთ ნახევრად ჩამკვდარ gemug.ge-ს). სამაგიეროდ აქ ვისაუბრებთ შემდეგ საკითხებზე:

  • გაკვეთილები WordPress-ისა და Drupal-ის შესახებ. ჩემთვის ორივე ეს ვებ-ძრავი ძალიან საინტერესოა. პირველზე კერძო ბლოგი მუშაობს, ხოლო მეორეზე — ჩემთვის ფრიად მნიშვნელოვანი gemug.ge;
  • გაქართულება. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულად აღარ ვარ დაკავებული ლოკალიზაციებით (იგულისხმება Windows-ის გაქართულება), ეს თემა ჩემთვის ასევე ფრიად საინტერესოა. ორი პროდუქტის ლოკალიზაციის განახლებას ვაპირებ 2012 წელს: WordPress-ის და Drupal-ის;
  • Delphi. ამ RAD-ის ბოლო ვერსიამ მე პირადად დიდი სიხარული მომგვარა, ვინაიდან უკვე შესაძლებელია კროს-პლათფორმული აპლიკაციების წერა, როგორც Windows-ზე, ასევე Mac-ზე;
  • ელექტრონული წიგნები. თუ არაფერმა შემიშალა ხელი, კვირაში ერთ ქართულ ელექტრონულ წიგნს შემოგთავაზებთ ePUB-ფორმატში;
  • IT-სფეროს გამოჩენილი პირების ისტორია. საკმაოდ დამიგროვდა ამის შესახებ მასალები და ვფიქრობ, რომ შენთვისაც საინტერესო იქნება.
  • Star Trek-ის უკიდეგანო სამყარო. მე ამ სამყაროში ძალიან გვიან მოვხვდი. ვისაც გიყურებიათ თუნდაც ერთი სერიალისთვის მაინც, იცით რა დიდ სიამოვნებაზე ვსაუბრობ. ვინც არა — ვეცდები თქვენც გაგიზიაროთ, თუ რა მაგარი სამყაროა Star Trek.
  • და სხვა. ძალიან ბევრ საკითხს არ მინდა მოვედო, ამიტომ აქ შევჩერდები და თუ რამეს დავამატებ, აუცილებლად დავამატებ.

აი ასეა საქმე მეგობარო. ბლოგი კვლავ იწყებს მუშაობას. და დიდი იმედი მაქვს, რომ ის კვლავაც საინტერესო იქნება შენთვის. ყოველშემთხვევაში, მე ამისათვის ენერგიას არ დავიშურებ!