3G მალე იქნება iPhone-ში

როგორც ცნობილია, Apple iPhone-ის მფლობელები ფრიად შეწუხებულნი არიან ტელეფონში 3G-ს არქონით. ბევრი ევროპელი საერთოდ უარს ამბობს ტელეფონის შეძენაზე მანამ, სანამ არ გაჩნდება 3G-ს მხარდაჭერა.

და აი, ქსელში გამოჩნდა იმდებით და მოლოდინით აღსავსე ინფორმაცია iPhone-ში 3G-ს დამატების შესახებ.

თუ დავუჯერებთ ინფორმაციას ვებ-საიტიდან eWEEK, კომპანია Apple-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას InterDigital-თან — ფირმასთან, რომელიც დაკავებულია ინფორმაციის უსადენო გადაცემის ტექნოლოგიების შემუშავებით, მათ შორის 3G-ქსელებში. საინტერესოა, რომ ეს კომპანია უფრო ცნობილია კონფლიქტებით Samsung-თან და Nokia-სთან, ვიდრე რაიმე ტექნოლოგიური მიღწევებით. მიუხედავად ამისა, მოყვანილი ინფორმაციის საფუძველზე მხარეებმა ხელშეკრულება გააფორმეს შვიდი წლით. ზოგიერთი ინფორმაციით, ხელშეკურლების თანხა 56 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.