1,000,000 ცალი 74 დღეში

კვირა კუპერტინომ გახსნა ფრიად საინტერესო ინფორმაციით: Apple-ის ახალი პრეს-რელიზი იყობინება, რომ კვირას, 9 სექტემბერს, გაიყიდა iPhone-ის მემილიონე ეგზემპლარი! ამგვარად, ზაფხულის ყველაზე მოთხოვნადი სიახლის ექვსნულიანი ნიშნულით აღჭურვისათვის კომპანიას მხოლოდ 74 დღე დასჭირდა. რასაც კომენტარი გაუკეთა Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ჯობსმა: „მილიონი iPhone-ის 74 დღეში რეალიზაციისათვის ჩვენ თითქმის ორწლიანი დაძაბული შრომა დაგვჭირდა. სულმოუთქმელად ველოდებით საშობაო არდადეგების დადგომას, როდესაც რევოლუციურ პროდუქტს კიდევ უფრო მეტი მომხარებელი შეიძენს“.

… ერთი წუთით გავიჭვრიტოთ მომავალში – შემდეგი, 2008 წლისათვის Apple-ი გეგმავს გაყიდოს არც მეტი, არც ნაკლები ათი მილიონი Apple iPhone. უბრალოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით შევადგინოთ მარტივი პროპორცია: 2007 წლის 29 ივნისს 2008 წლის 31 დეკემბრამდე აშორებს 550 დღეზე ოდნავ მეტი, აქედან 551*1 000 000:74 = 7 445 945 – გამოდის დაახლოებით შვიდნახევარი მილიონი მოწყობილობა. მეორეს მხრივ, საშობაო გაყიდვები არავის გაუუქმებია. რომ იტყვიან, აღდგომა და ხვალეო.